გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას ლიდერები ოფიციალურად ამბობენ უარს საპარლამენტო მანდატებზე. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცესკოს სიის ჩახსნის შესახებ განცხადებით მიმართა, უკვე ცალკეული დეპუტატები მოითხოვენ დეპუტატის მანდატის შეჩერებას.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციური პარტიების ახირება არ არის და ამით ისინი საზოგადოების ნებას აღასრულებენ.

"ამ ქვეყანას თუ აქვს ღირსება, ამ ხალხს თუ აქვს ღირსება, ეს ღირსება, პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უნდა დავიცვათ. ამიტომ, ჩვენ ერთხმად, ერთსულოვნად, პრაქტიკულად ყველამ ჩვენი ბლოკიდან, დღეს შემოიტანა განცხადება", — ამბობს ბეჟაშვილი.

მასთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანების სახელით დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ რესპუბლიკური პარტიის წევრები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.

ხათუნა სამნიძის თქმით, მანდატების შეჩერების შესახებ მოთხოვნის უკვე ოფიციალურად ჩაბარება, არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები უნდა შეჩერდეს.

"მოლაპარაკებები გრძელდება. ხელისუფლებას აქვს ძალიან მცირე დრო უკვე, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს და გადმოდგას ნაბიჯები. ერთი კვირა მაინც სჭირდება ამ განცხადებების განხილვას და ვიქნებით ეს პერიოდი იმ ფაზაში", — აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პოლიტიკურმა ბლოკმა 36 მანდატი მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში.

ძალა ერთობაშიამ, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პროპორციული საარჩევნო სიების ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს 11 დეკემბერს მიმართა.

გაიგეთ მეტი: