არსებობს ერთი მარტივი ხერხი იმისთვის, რომ შევამციროთ ჩვენი სტრესის დონე და გულისა და მენტალური დაავადებების რისკი. ის გვეხმარება ხანდაზმულ ასაკში კოგნიტური უნარის დაქვეითებასთან ბრძოლაში, სიცოცხლის გახანგრძლივებაში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ბედნიერების მოპოვებაში. მართალია, ის ჯანსაღი დიეტისა და რეგულარული ვარჯიშის შემცვლელად ვერ გამოდგება, მაგრამ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ, მათგან განსხვავებით, ზემოთხსენებულ ხერხს არც ფული და არც დიდი დრო არ სჭირდება. ყველა ეს სარგებელი ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სამი მარტივი სიტყვით: "მე შენ გპატიობ".

გასაოცარია, თუ რამდენად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ამ მარტივ წინადადებას ადამიანის ცხოვრებაზე. თანაც, მოგებაში აქ მიმტევებელთან ერთად დამნაშავეც რჩება, რადგან ამ გზით ჩვენ მეორე ადამიანს მხრებიდან დანაშაულის ტვირთსაც ვხსნით. მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მას ბოდიშის მისაღებად არ პატიობთ. ამ პროცესიდან სარგებლის მიღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, თუ ადამიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მოგაყენათ, სინანულს არ გამოხატავს.

"არც კი ვიცი, არსებობს თუ არა ადამიანის ცხოვრების ისეთი ნაწილი, რომელზეც მიმტევებლობას პოზიტიური ეფექტის მოხდენა არ შეუძლია", — ამბობს ფსიქოლოგი ლორენ ტუსანი, რომელიც აიოვას შტატის ლუთერის უნივერსიტეტში შემწყნარებლობას შეისწავლის.

თუ ჩვენს კულტურაში არსებულ ღირებულებებზე დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ მიმტევებლობა ყველგანაა. მართლაც, ამ პლანეტაზე არ არსებობს ისეთი კულტურა ან რელიგია, რომელიც ადამიანს ღმერთთან თუ მოყვასთან შერიგებისკენ არ მოუწოდებს. თუმცა, რაც უნდა უნივერსალური იყოს მიმტევებლობის ცნება, ის ადამიანების ცხოვრებაში განსხვავებულად რეალიზდება. დამნაშავის მიტევებამდე მისასვლელ გზას და მის პოზიტიურ შედეგებს ჩვენი კულტურული და ფსიქოლოგიური თავისებურებები განსაზღვრავს.

ჰავაიური სიტყვა ho'oponopono შერიგებისა და მიტევების იმდენად მრავალწახნაგოვან პრაქტიკას აღნიშნავს, რომ მისი ქართული შესატყვისის პოვნა შეუძლებელია.

ფოტო: BBC / Getty Images

"როდესაც ჩვენთვის უცნობ კულტურაში ვყოფთ თავს, უბრალოდ მნიშვნელოვანი კი არა, აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ და პატივი ვცეთ მიმტევებლობისადმი არსებულ იქაურ ნორმებს", — ამბობს ტუსანი. მიმტევებლობის ცნებას სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ამის გაუთვალისწინებლობამ კი, შესაძლოა, შერიგების ნაცვლად ადამიანებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბოს.

არსებობს თუ არა მსოფლიოში მიმტევებლობის საყოველთაოდ აღიარებული ნიშან-თვისებები? და რისი სწავლა შეგვიძლია სხვადასხვა კულტურაში არსებული განსხვავებული ტენდენციების დახმარებით?

რატომ ვპატიობთ?

დასავლურ ქვეყნებს, მაგალითად აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს, მეტად ინდივიდუალისტური კულტურა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლელი ხალხი ხშირად კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე წინ საკუთარ ინტერესებს აყენებს (მაშინაც კი, თუ ეს ყველაფერი ოჯახის წევრს, მეგობარს ან კოლეგას ეხება). განსხვავებული სიტუაციაა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, სადაც ადამიანები უფრო ხშირად უპირველესად გარკვეული ჯგუფების ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი და ამიტომ ისინი კოლექტიურ კულტურებად იწოდებიან.

როგორც წესი, ინდივიდუალისტები ადამიანებს საკუთარი ტვირთის შესამსუბუქებლად, სინდისის ქენჯნისგან გასათავისუფლებლად ან კარგი საქციელის ჩადენის სურვილით პატიობენ. კოლექტივისტები კი, ამგვარი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ, მიმტევებლობას სოციალური ჰარმონიის შესანარჩუნებლად მიმართავენ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანი მიტევების შემდგომაც შეიძლება დარჩეს ნაწყენი, რადგან შემწყნარებლობას ის გარკვეული ჯგუფის ბედნიერების შესანარჩუნებლად და მოვალეობის მოხდის მიზნით იჩენს.

ეს, რა თქმა უნდა, განზოგადებული მტკიცებებია. ზოგიერთი დასავლელი კოლექტივისტურ თვისებებს შეიძლება ამჟღავნებდეს, ისევე, როგორც აღმოსავლელი — ინდივიდუალისტურს. "ჩვეულებრივ, კულტურებს შიგნით — ისევე, როგორც კულტურებს შორის — ძალიან ბევრ განსხვავებას ვხვდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური მსოფლმხედველობა კულტურულ საზღვრებს არ ემორჩილება", — ამბობს ტუსანი. ამის მიუხედავად, კულტურა მაინც ახდენს გავლენას ცალკეული ინდივიდის შეხედულებებზე. შესაბამისად, ენა და სტრატეგიები, რომლებსაც ჩვენ სხვების მისატევებლად ვირჩევთ, ერთმანეთისგან იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ კულტურას მივეკუთვნებით.

ფსიქოლოგების გარკვეული ნაწილი ერთმანეთისგან მიმტევებლობის ორ სახეს განასხვავებს:

  1. მსჯელობაზე დამყარებული მიმტევებლობა — მიმტევებლობის სახე, რომელსაც უფრო ცივი, ანალიტიკური ხასიათი აქვს და გააზრებულ ქმედებას მოიცავს. კოლექტივისტმა ადამიანმა, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება განსჯის საფუძველზე, ჯგუფის კეთილდღეობის სასარგებლოდ მიიღოს, რადგან მსგავსი ღირებულებების მქონე პირი მიიჩნევს, რომ წყენის სწრაფად დავიწყება ყველა სხვას წაადგება;
  2. ემოციაზე დამყარებული მიმტევებლობა — მიმტევებლობის სახე, როდესაც ადამიანი შერიგებას პირადი ემოციური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიმართავს. მიმტევებლობის ეს ტიპი უფრო მეტად ინდივიდუალისტი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.

ხშირად, კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ მიდგომებს სწორედ მიმტევებლობის ამ ორი სახის დახმარებით განარჩევენ. თუმცა, მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაშიც გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, გამოსაკვლევია, რამდენად დადებითი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ცალკეული ადამიანისთვის კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭება; და კმაყოფილდება თუ არა ამ დროს ინდივიდის ემოციური საჭიროებები.

ზულუსების ენაზე სიტყვა ubuntu მიტევებისა და შერიგების მთელ ფილოსოფიას მოიცავს, რომელიც ადამიანურ გამოცდილებათა თანაზიარობის ცნებას ეფუძნება.

ფოტო: BBC / Getty Images

"მნიშვნელოვანია, მოჰყვება თუ არა კოლექტივისტი ადამიანების მსჯელობაზე დამყარებულ მიმტევებლობას პატიების ემოციური განცდა. ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა, პატიების პროცესში კოგნიტური დისონანსი (კონფლიქტური მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას თავისი რწმენის, გრძნობებისა და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაციის მოპოვებისას განიცდის) ჩაერიოს", — ამბობს ტუსანი.

მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანისთვის რთულია ისეთი რამის თქმა, რისიც არ სწამს — ამ დროს, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის თანაარსებობის გამო, ჩვენი ტვინი დიდ ზეწოლას განიცდის და ეს დამატებითი ფსიქოლოგიური სტრესისთვის კიდევ ერთ საფუძველს ამზადებს. ამის შედეგად, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცის გვჯერა, ეს რწმენა შეიძლება, თავისთავად მატერიალიზდეს.

"მიტევების გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ მისი ემოციური შედეგების უარყოფის მცდელობა ადამიანში ძალიან დიდ გაურკვევლობას ბადებს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მიტევების აქტს საჯარო ხასიათი აქვს, რადგან ეს ქმედება ადამიანს გაცხადებული ვალდებულებების თანმდევ ემოციურ პასუხებს კარნახობს", — ამბობს ტუსანი.

სწორედ ამ მსჯელობაზე დაყრდნობით, მარტივად მივხვდებით, თუ რატომ არის ზოგიერთი ადამიანისთვის ვეგეტარიანელობა და ვეგანიზმი არა უბრალო დიეტა, არამედ ცხოვრებისეული ფილოსოფია. მათ სწამთ, რომ ამგვარი კვებითი რეჟიმის არჩევის მიზეზები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იდეოლოგია მათი ცხოვრების სხვა ნაწილებზეც აისახება — ტანსაცმელზე, რომელსაც ყიდულობენ და საქველმოქმედო მოღვაწეობაზე, რომელსაც მხარს უჭერენ. ამის მსგავსად, ადამიანთან, რომელსაც მიტევების მნიშვნელობა ცივი გონებით აქვს აწონ-დაწონილი, ემოციური კმაყოფილება თავისთავად მოდის. ამიტომ, თუ გსურთ, რომ საკუთარი მიმტევებლობისგან სარგებელი მიიღოთ, შესაძლოა, მაშინაც კი ჯობდეს ვინმეს პატიება, როცა ამისთვის ჯერ ემოციურად მზად არ ხართ.

მიტევება სხვადასხვა ენაზე

ემოციების ინტერპრეტირებაში ენა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარკვეული გრძნობები სხვადასხვა ენაში განსხვავებულად გამოიხატება. მაგალითად, კუნძულ ტაიტიზე მცხოვრებ ადამიანებს ლექსიკონში სიტყვა "სევდიანობის" შესატყვისი არ აქვთ, წერს ნეირომეცნიერი ლიზა ფელდმენ ბარეტი, რომელიც წიგნის, როგორ წარმოიქმნება ემოციები, ავტორია.

"როდესაც ტაიტელები მოწყენილობას, შფოთს, დაღლას ან ენთუზიაზმის ნაკლებობას განიცდიან, ან თუნდაც ავად არიან, ყველა ამ შეგრძნებას ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინით, pe'ape'a, გამოხატავენ. ეს სიტყვა წუხილებად შეიძლება ითარგმნოს", — ამბობს ბარეტი. თუმცა ეს ტერმინი სევდის ცნებას არ მოიცავს. სანაცვლოდ, მათი ენა მეტად სპეფიციკური და რთულია. ამიტომ, იმ შემთხვევებში, როცა დასავლელი იტყოდა, რომ ის სევდიანია, ტაიტელი, სავარაუდოდ, აღნიშნავდა, რომ თავს ფიზიკურად ცუდად გრძნობს. ამგვარი კოგნიტური დისონანსის შედეგად კი ნათქვამმა ფიზიკური შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს.

იგივე ხდება მიმტევებლობის შემთხვევაშიც. მაგალითად შეგვიძლია ჰავაი ავიღოთ, რომელიც, მართალია, აშშ-ის ერთ-ერთი შტატია, მაგრამ განცალკევებული გეოგრაფიული მდებარეობის შედეგად კულტურულ თვითმყოფადობას ინარჩუნებს. ჰავაი ერთადერთი შტატია, რომელსაც მოსახლეობაში თეთრკანიანთა უმეტესობა არასდროს ჰყოლია და, ამასთან, მისი კოლექტივიზმის ინდექსი 91-ს შეადგენს (აღნიშნული მაჩვენებლით ის აშშ-ის მეორე ყველაზე კოლექტივისტურ შტატს 19 ქულით უსწრებს).

ჰავაიურ ენაში არსებობს ტერმინი ho'oponopono. "ამ ტერმინის გამოხატვა ყველაზე მარტივად შემდეგი სიტყვებით შეგვიძლია: ვწუხვარ, გთხოვ მომიტევე, მე შენ მიყვარხარ", — ამბობს ტუსანი. ჰავაის შტატში ამ კულტურულად უნიკალურ გამონათქვამს, სხვა კოლექტივისტური ღირებულებების მსგავსად, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან.

ასევე, ზულუსების ენაში, რომელიც სამხრეთ აფრიკელი ხალხის გარკვეული ნაწილის სალაპარაკო ენას წარმოადგენს, არსებობს ტერმინი ubuntu, რაც ზედაპირულად "სხვებისადმი ჰუმანურობის გამოვლენას" ნიშნავს.

დასავლეთ აფრიკაში მდებარე სიერა-ლეონეში კი, სადაც სხვა ენებს შორის კრეოლსაც იყენებენ, ტერმინი fambul tok არსებობს, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "ოჯახური საუბარი" და ახლობელთა ვიწრო წრეში პატიების შეთავაზებას გულისხმობს.

"ყველა ეს ტერმინი დიდსულოვნების მსგავს ცნებას გამოხატავს, რომელსაც დასავლურ, ინდივიდუალისტურ სამყაროში კულტურული შესატყვისი არ გააჩნია", — ამბობს ტუსანი.

განას სახელმწიფოში 50-ზე მეტ ენაზე მეტყველებენ, რაც, შესაბამისად, მიმტევებლობის ცნების მრავალი მნიშვნელობის არსებობას განაპირობებს. კვლევის ფარგლებში, ფსიქოლოგი ანაბელა ოსეი-ტუტუ განელებს ინგლისურ ენაზე გაესაუბრა. ინტერვიუთა მსვლელობისას მან გააცნობიერა, რომ მრავალთათვის მიმტევებლობის აღმნიშვნელი ინგლისური სიტყვა მათ ენაზე მარტივად არ ითარგმნებოდა და უმეტეს შემთხვევაში ყველაზე ახლო ეკვივალენტი მთლიან წინადადებას წარმოადგენდა.

სიერალეონურ კრეოლზე ფრაზა fambul tok იმ ტრადიციიდან მომდინარეობს, რომლის დროსაც ოჯახის ვიწრო წრე საკამათო საკითხების განსახილველად და მოასგვარებლად იკრიბება.

ფოტო: BBC / Getty Images

აკანურ ენაში კი, რომელზეც ოსეი-ტუტუც საუბრობს, მიმტევებლობა ითარგმნება, როგორც bͻne fa kyɛ ან bͻne fa firi. "სიტყვის, Bͻne, შესატყვისებია არასწორი ან შეცდომა. ტერმინები fa kyɛ და fa firi კი დავიწყებასა და პატიებას ნიშნავს. თუმცა, ამ სიტყვების მნიშვნელობებს შორის ნიუანსური ხარისხობრივი განსხვავება არსებობს. სიტყვის, Firi, დამატებითი მნიშვნელობა სესხის აღება ან გაცემაა, ხოლო სიტყვა kyɛ დასაჩუქრების მნიშვნელობასაც ატარებს", — ამბობს ოსეი-ტუტუ, — "როცა ადამიანებს მათ ლოკალურ ენაზე ესაუბრები, იმაზე გაცილებით ღრმა მნიშვნელობებს წვდები, ვიდრე მაშინ, როცა ისინი ინგლისურად გელაპარაკებიან".

აფრიკის სხვა ქვეყნების მსგავსად, განას კულტურაც კოლექტივისტურია. ქვეყანაში გენდერისა და ასაკის მიხედვით მიწერილ ნორმებს მკაცრად იცავენ. ახალგაზრდა ადამიანი სოციალური ჰარმონიის შესანარჩუნებლად უფროსისთვის შენდობის თხოვნას ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამნაშავე სწორედ ეს უკანასკნელია. განაში ახალგაზრდებისგან წყენის დაფარვას მოელიან. გენდერული ასპექტით კი უფრო დიდ პატივისცემას კაცები იმსახურებენ. წყვილებს შორის დამნაშავე პატიებას ხშირად გარკვეული ჟესტების — მაგალითად, დაჩოქების, მიწაზე გართხმისა და ხელების გადაჯვარედინების — საშუალებით ითხოვს, რაც მორჩილებას გამოხატავს.

"ბოდიშის თქმა განაში მცხოვრებთათვის საკმარისი არ არის. მათ სურთ, რომ ადამიანმა დანაშაულის გრძნობა სხულის მდგომარეობის ცვლილებით გამოხატოს. ეს მათი კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. თუ ადამიანმა საკუთარ პარტნიორს შეურაცხყოფა მიაყენა და მას მუხლებზე დაჩოქება არ სურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავის დანაშაულს ვერ აცნობიერებს", — ამბობს ოსეი-ტუტუ. ის ასევე აღნიშნავს, რომ განურ კულტურაში ექსპრესიულ ჟესტებს სხვა ემოციების, მაგალითად გლოვის სადემონსტრაციოდაც იყენებენ.

"არც ჩინურ კულტურაში იყენებენ ტერმინს, მიმტევებლობა", — ამბობს ბიჰევიორისტი, მენ ი ჰო, რომელიც ჰონგ-კონგის სითის უნივერსიტეტში ასწავლის. ჩინურად, მანდარინის დიალექტზე, ტერმინი 宽恕 [kuānshù] საკმაოდ ფორმალურად ჟღერს და მძიმე ფორმის შეურაცხყოფის მიყენებისას გამოიყენება. Kuānshù რელიგიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მას ღვთისგან ნაბოძები, ზეციური მიტევების მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ამ სიტყვას მხოლოდ სერიოზული დანაშაულის ჩადენის დროს მოიხმობენ.

ჩინურ ენაზე მოსაუბრე ადამიანები კიდევ ერთ ტერმინს იყენებენ: 原谅 [yuan liang], რომელიც შეგვიძლია სიტყვა სულგრძელობის ეკვივალენტად მივიჩნიოთ. სოციალური ჰარმონიის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, დაჩაგრულმა ადამიანმა დანაშაული სრულად უგულებელყოს და დამნაშავეს უსიტყვოდ მიუტევოს. "აქ ადამიანებს არ მოსწონთ, როდესაც ვინმეს შეცდომაზე აშკარად მიუთითებენ", — ამბობს ჰო. სწორედ მათი ამ დამოკიდებულების გამო მსგავს შემთხვევასთან სიტყვა სულგრძელობა იდეურად უფრო ახლოს არის.

ჩვეულებრივ, ეს ტერმინი დაგვიანების ან უწესრიგობის მსგავს ტრივიალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ადამიანები, ჰარმონიის შესანარჩუნებლად, მათზე ადვილად ხუჭავენ თვალს. "როდესაც ადამიანები მსგავსი სახის დაუდევრობას აწყდებიან, ისინი ჩადენილს ყურადღებას არ აქცევენ. ეს ქმედება კი მათ დასაძრახი საქციელის ჩამდენის მიმართ დამოკიდებულების გარდაქმნაში ეხმარება", — ამბობს ჰო.

მანდარინულ დიალექტზე სიტყვა kuānshù მხოლოდ უმძიმესი შეცოდებების მიტევებისას გამოიყენება.

ფოტო: BBC / Getty Images

რა თქმა უნდა, როცა გარკვეულ კულტურაში უმნიშვნელო შეცოდებათა უსიტყოდ მიტევება მიღებული პრაქტიკაა, მათზე ყურადღების გამახვილება სოციუმმა შეურაცხყოფად შეიძლება მიიღოს. სხვა კულტურებში კი წვრილმან დანაშაულზე პირდაპირი რეაგირება მიღებული ქცევაა. მსგავსი კულტურული განსხავავებები განსაკუთრებით ყურადსაღები მაშინაა, როცა საქმე ერების მიერ აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პატიების თხოვნას ეხება. როგორც ავსტრალიის მაკუორის უნივერსიტეტის ლექტორი, ფრანჩესკა დომინელო ამბობს, მსგავს შემთხვევებში დასავლელები აბორიგენ ხალხთა ტრადიციებს ნაკლებად ითვალისწინებენ ხოლმე.

კარგი ამბავი ისაა, რომ ცალკეულ ადამიანს შეუძლია ისწავლოს, როგორ გახდეს მეტად მიმტევებელი. და, სხვა უნარების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, "რაც უფრო დიდ დროს მიუძღვნით პატიების სწავლაზე მუშაობას, მით უფრო სიღრმისეულად გაითავისებთ მას", — ამბობს ტუსანი.

მეთოდი, სახელად Reach, ადამიანის მიტევებამდე გასავლელი ეტაპების ერთობლიობას წარმოადგენს. ის გახსენებას (Recall), ემპათირებას (empathise), ალტრუიზმის ჩვენებას (show altruism), მიტევებასა (commit) და მის გათავისებას (hold onto forgiveness) მოიცავს. ეს მიდგომა დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებში საკუთარ ეფექტიანობას განსაკუთრებით მაშინ აჩვენებს, როდესაც დამნაშავე და მსხვერპლი საერთო ღირებულებით სისტემებს იზიარებს. "ამ აკრონიმით გამოხატული ნაბიჯების გადადგმა ძალიან მარტივია", — ამბობს ტუსანი.

მეთოდის პირველი ეტაპი მეორე ადამიანისგან მოყენებული ტკივილის მიზეზის გაცნობიერებასა და საკითხის დამნაშავის პოზიციიდან დანახვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, თქვენი განაწყენება წინასწარგანზრახული იყო თუ შემთხვევითი. თუ ამ ყველაფერს წინასწარგანზრახული ხასიათი ჰქონდა, ეცადეთ გაიხსენოთ, მის ჩამდენს იქამდე თავად ხომ არ აწყენინეთ. აკრონიმი ორი ერთმანეთის მსგავსი ეტაპით მთავრდება: მიტევება ერთჯერადად მიღებული გადაწყვეტილება არ არის. უნდა გაიაზროთ, რომ დამნაშავის ნახვა არაერთხელ მოგიწევთ — განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადამიანი თქვენი ოჯახის წევრი ან კოლეგაა. ასე რომ, თქვენი გადაწყვეტილების სიმტკიცეში დარწმუნდით და ეცადეთ, რომ მისი მნიშვნელობა გააცნობიეროთ.

ტუსანი მიტევების უნარზე მუშაობისკენ მოგვიწოდებს, თუმცა ის ასევე გვაფრთხილებს, რომ ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებს, კულტურულ ფონსა და მსოფლმხედველობას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ თუკი პატიება ამ სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილი სარგებლის მეათედით მაინც მოგვამარაგებს, მასში დახელოვნება ნამდვილად ღირს გარჯად.