საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მათთვის ინფორმაციის არ მიწოდებით საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია. საიამ სამინისტროს 2017 წლის 18 იანვარს მიმართა და გაზპრომთან 2016 წლამდე და 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები მოითხოვა.

მოთხოვნილი ინფორმაციის სანაცვლოდ ენერგეტიკის სამინისტრომ საიას აცნობა, რომ ვერ გასცემდა მოთხოვნილი ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რადგან სამინისტროში დაცული არ იყო.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია გაზპრომთან მოლაპარაკებებში აქტიურდ იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი,” - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, თუ მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდეს, რომ განცხადება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადააგზავნოს და აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება მიაწოდოს საიას.