თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ყველანაირი პერიოდი აქვს გამოვლილი ცხოვრებაში, მათ შორის, სიღარიბეც, მაგრამ მანვე აღნიშნა, რომ მას ასწავლეს — "სხვისი არ უნდა შემშურდეს, არ უნდა მოვიპარო და არ უნდა მივიტაცო". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა, ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, სიღარიბის პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში არასდროს სხვა წარმატებული ადამიანისთვის ცუდი თვალით არ შემეხედა, არ უნდა შემეხარბოს მისი. არასდროს არ უნდა მოვიპარო და არასდროს არ უნდა დავიტაცო, შესაბამისად ეს კონკრეტული შემთხვევები... ეს ხო ჩემი არ არის, ეს არის ქვეყნის მიწები, თითოეული თქვენგანის ქონებაა. როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს დიახ ეს იყო სწორი დრო, ეს შენობა ნაგებობები არ იყო დასრულებული და ამ შენობებში არ ცხოვრობდნენ ადამიანები", — ამბობს კალაძე.

დღეს თბილისის მერიამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟი დაიწყო. მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ადამიანი.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებას.

ამავე თემაზე: