ახალმა პანდემიამ, გამკაცრებულმა უსაფრთხოების ზომებმა, გახანგრძლივებულმა კარანტინმა, ფიზიკური დისტანციის დაცვის მუდმივმა მოწოდებამ თუ კინოთეატრების დახურვამ მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ადამიანებს მხოლოდ შეზღუდული არჩევანი დაუტოვა, თუ როგორ შეიძლება გაიყვანო დრო და რა თავშესაქცევი იპოვო.

ამ ყველაფრის გამო, ალბათ, თქვენც შენიშნავდით, რომ სერიალების პოპულარობამ წარმოუდგენლად იმატა, რასაც თუნდაც ის ფაქტი ცხადყოფს, რომ ჩვენს ფეისბუქჯგუფში ერთი სერიაც და... წევრების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა, ყველა საინტერესო სატელევიზიო შოუს შესახებ განხილვები კი უფრო გაცხარდა.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი სერიალებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა: გამოვიდა ახალი შოუები, რომლებმაც უცებ გაითქვეს სახელი; ბაზარზე ასევე გამოჩნდა ახალი სტრიმინგ სერვისები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს გვპირდებიან და ა.შ.

ამის გათვალისწინებით, ახლა იმ 20 მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებთ, რომელზეც როგორც ქართული, ისე მსოფლიო პუბლიკა ამ წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურად საუბრობდა.

1. აღმოჩნდა, რომ ჭადრაკი არც ისე მოსაწყენი თამაში ყოფილა

ფოტო: Netflix

სერიალების გულმხურვალე მოყვარულებს იმდენი რამ უნახავთ, ვინ იფიქრებდა, რომ ჭადრაკზე გადაღებული შოუ საინტერესო იქნებოდა? მეტიც, სერიალმა ლაზიერის გამბიტი (The Queen's Gambit) უამრავ ადამიანს უბიძგა, რომ დავიწყებული ცოდნა გაეხსენებინა ან საერთოდაც ჭადრაკის თამაში პირველად ესწავლა.

2. მეტმა ადამიანმა გაიგო, რომ დოკუმენტური სერიალიც შეიძლება ისეთივე საინტერესო, დაძაბული და ჩამთრევი იყოს, როგორც მხატვრული

ფოტო: Netflix

ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალი ვეფხვების მეფე (Tiger King) ამ წლის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტი აღმოჩნდა: თამამად შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პირველი ტალღა მილიონობით მაყურებელს სწორედ იმის გარკვევამ გადაატანინა, თუ ვინ უფრო საშიში ადამიანია — კეროლ ბასკინი თუ ჯო ეგზოტიკი.

და მაინც, თქვენ როგორ ფიქრობთ?

3. ჯონასის დროში მოგზაურობა დასრულდა

ფოტო: Netflix

27 ივნისს, აპოკალიფსის დღეს, გერმანული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გახმაურებული პროექტი ბნელი (Dark) მესამე სეზონით დასრულდა, მაყურებლების ნაწილმა კი ვერ გაიგო, ფინალურმა სეზონმა მანამდე არსებულ კითხვებს გასცა პასუხი თუ უფრო მეტი ახალი კითხვა გააჩინა.

4. როგორც იქნა, The Crown-ში პრინცესა დაიანა გამოჩნდა

ფოტო: Netflix

რასაც, ცხადია, სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა ამავდროულად გვირგვინის უამრავმა მაყურებელმა ხელახლა გაიხსენა, თუ რატომ იყო მისი პიროვნება ასეთი გამორჩეული გაერთიანებული სამეფოს უახლეს ისტორიაში.

5. რიდლი სკოტმა სატელევიზიო სამყაროშიც მოსინჯა ძალები

ფოტო: HBO

და ეს ძალიან წარმატებულადაც გამოუვიდა: მართალია, რიდლი სკოტი მგლების აღზრდილის (Raised by Wolves) მხოლოდ ორი ეპიზოდის რეჟისორია, მაგრამ იმ საბოლოო შედეგში, რაც შოუს შემქმნელებმა მაყურებელს წარუდგინეს, მისი წვლილი მაინც საკმაოდ დიდია.

6. ოზარკმა მაყურებლებისგან საკმარისი ყურადღება მესამე სეზონით მაინც დაიმსახურა

ფოტო: Netflix

ამ კრიმინალური დრამის მესამე სეზონის ათივე ეპიზოდი, როგორც იტყვიან, ბომბა აღმოჩნდა, რითიც ამ შოუს ერთგული მაყურებლების სიაში უფრო მეტი ადამიანი ჩაეწერა.

7. Rick and Morty-ის შემქმნელებმა ახალი ანიმაციური სერიალი გამოუშვეს

ფოტო: Giphy

Solar Opposites-ი ბევრისთვის რიკი და მორტიზე უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არ აღმოჩნდა.

8. HBO-ს ეიფორიის სპეციალური ეპიზოდი მოსალოდნელზე უფრო შთამბეჭდავი გამოუვიდა

ფოტო: HBO

მარტო ის რად ღირს, რომ შოუს შემოქმედებმა მეორე სეზონის გამოსვლამდე დროის მოსაკლავად შუალედური ეპიზოდები შემოგვთავაზეს, მაგრამ პირველი ეპიზოდი, რომელიც ზენდეიას პერსონაჟის ირგვლივ თითქმის უწყვეტი დიალოგის საშუალებით ვითარდება, კინოსურათს უფრო ჰგავს, რომელიც მაყურებელზე წარუშლელ კვალს ტოვებს.

9. ჰილ ჰაუსის მოჩვენების მეორე სეზონმა იმედები არ გაგვიცრუა

ფოტო: Netflix

ბლაის მამულის მოჩვენება ამ ანთოლოგიური შოუს, მართალია, უფრო ნაკლებად საშიში, თუმცა კვლავინდებურად სევდიანი, ტრაგიკული და მაღალი ხარისხის სანახაობა გამოდგა.

10. სანაცვლოდ სხვა საყვარელი სერიალების ახალმა სეზონებმა გვატკინა გული

ფოტო: Netflix

შორს რომ აღარ წავიდეთ, მარტო სახეცვლილი ნახშირბადის მეორე და ფარგოს მეოთხე სეზონების ხსენებაც საკმარისი იქნება.

11. ვინს გილიგანმა ხარისხი არ დააგდო

ფოტო: Giphy

სერიალის Better Call Saul (უმჯობესია, სოლს დაურეკოთ) მეხუთე სეზონი ტრადიციულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა: ზუსტად ისეთი, როგორი მოლოდინებიც მისმა შემოქმედმა, ვინს გილიგანმა წინა სეზონებითა თუ Breaking Bad-ით (მძიმე დანაშაული) შეგვიქმნა.

12. შევიყვარეთ ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი მსახიობი შირა ჰასი

ფოტო: Netflix

Unorthodox-ის (არაორთოდოქსი) ვარსკვლავი ისეთი ტრაგიკული ბედის მქონე პერსონაჟს განასახიერებს, რომ რთულია, თავისთავად არ თანაუგრძნო მას, თუმცა შირა ჰასის მიმართ მრავალი მაყურებლის განსაკუთრებული დამოკიდებულების საიდუმლო მაინც მისი გამორჩეული სამსახიობო შესრულებაა და იმედია, მომავალშიც ხშირად ვიხილავთ ეკრანებზე.

13. დავრწმუნდით, რომ ერთი შეხედვით გაცვეთილი ისტორიაც შეიძლება მომხიბვლელად გააცოცხლო

ფოტო: Giphy

ირლანდიელი მწერლის სალი რუნის რომანი Normal People (ჩვეულებრივი ადამიანები) ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს მკითხველებში საერთაშორისო მასშტაბით. წელს კი ამ წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალიც ვიხილეთ, რომელმაც არანაკლები თაყვანისმცემლები შეიძინა.

14. HBO-მ ტრადიციულად საინტერესო კრიმინალური ისტორია შემოგვთავაზა

ფოტო: HBO

ალბათ, იმის თქმაც საკმარისია, რომ The Outsider (გარიყული) სტივენ კინგის რომანის მიხედვით გადაიღეს, რომ მათ, ვისაც ის ჯერ არ უნახავთ, წარმოიდგინონ, თუ რაოდენ საინტერესო ისტორიას შეიძლება მოგვითხრობდეს ეს მისტიკით, დრამითა და საშინელებათა ჟანრის ელემენტებით სავსე კრიმინალური სერიალი.

15. კიდევ ერთი მაგალითი ვიხილეთ იმისა, რომ ევროპის, კონკრეტულად კი პარიზის, ჰოლივუდური აღქმა კვლავ რეალობას აცდენილია

ფოტო: Giphy

რბილად რომ ვთქვათ, ემილი პარიზში (Emily In Paris) მოდური კლიშეებით სავსე პროექტი გამოდგა.

16. გადავიმეორეთ ჭეშმარიტება: ნებისმიერი შოუს წარმატებისთვის ერთი ნიკოლ კიდმანიც საკმარისია

ფოტო: Giphy

ვერ ვიტყვით, რომ The Undoing-ის (განადგურება) ერთადერთი დადებითი მხარე ნიკოლ კიდმანის თამაში იყოო, თუმცა იმასაც ვაღიარებთ, რომ მხოლოდ მისი ხილვაც საკმარისი მიზეზია, რომ რომელიმე შოუს ყურება დავიწყოთ.

17. მაყურებელი ვერ შეთანხმდა, რიზ უიზერსპუნის პერსონაჟი უფრო ეზიზღებათ თუ კერი ვაშინგტონის

ფოტო: Hulu

Little Fires Everywhere (ყველგან ცეცხლი გიზგიზებს) ალბათ, ის სერიალია, რომელიც მაყურებლებს შორის 2020 წელს ყველაზე მეტი კამათის მიზეზი გახდა: იმის განხილვასთან ერთად, არის თუ არა ის კარგი შოუ, იმაზეც არ შედგა კონსესუსი, თუ ვინ არის ამ ისტორიის მტავარი ანტაგონისტი — ელენა თუ მია?

18. Sex Education მოზარდების (და არამარტო) საუკეთესო მასწავლებლის ტიტულს კვლავ ინარჩუნებს

ფოტო: Netflix

გარდა იმისა, რომ ნეტფლიქსის სერიალი სექსუალური განათლება თავის სახელწოდებას საუკეთესოდ ამართლებს, უფრო მნიშვნელოვანი თემების შესახებაც ემოციურად და რაც მთავარია, სწორი აქცენტებით მოგვითხრობს.

19. RuPaul's Drag Race-ის მეთორმეტე სეზონის ფინალი Zoom-ში გაიმართა

ფოტო: Giphy

მართალია, სერიალი არ არის, მაგრამ ჩვენს რედაქციაში ეს პროექტი ძალიან გვიყვარს და სანამ მეცამეტე სეზონს ველოდებით, წინა სეზონიც გავიხსენეთ: სამყაროში ამ ყველაზე უჩვეულო რეალითი შოუს გულშემატკივრებს რა არ უნახავთ, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც საუკეთესი დრეგ ქუინის გამოვლენაა, დისტანციურად მოხდებოდა.

20. დავემშვიდობეთ არაერთ საყვარელ და საკულტო სერიალს

ფოტო: Giphy

მოუშუშებელი იარების გასახსენებლად მხოლოდ მათი სახელწოდებების ჩამოთვლაც კმარა: BoJack Horseman (ცხენკაცი ბოჯეკი), The Good Place (კარგი ადგილი), Homeland (სამშობლო), Modern Family (თანამედროვე ოჯახი) თუ Schitt's Creek.