თბილისის მერმა, კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება-მოპარვა წახალისებული ვერ იქნება.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის განსაკუთრებით, პანდემიიის პირობებში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება-მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი მერობის პირობებში. ფაქტია, რომ ბოლო წლებში მოქალაქეებმა, რომლებმაც აქვთ უძრავი ქონება რეგიონებში, ასევე, ზოგს სხვის სახელზეც უფიქსირდება ქონება, დაიწყეს უკანონო მშენებლობები თბილისში სახელმწიფო მიწებზე. ეს მიწა არ არის კერძო პირის საკუთრება, ეს არის ჩვენი თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქის ქონება და ეს პროცესი ამ ფორმით, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდება", — განაცხადა კალაძემ.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დეონტაჟი დაიწყო. არსებული ინფორმაციით უკვე 20-მდე მშენებარე სახლი დაანგრიეს. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შედეგად 8 ადამიანი დააკავეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ ხალხს აქვს სახლი და მიწა და ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება.

"იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე", — განაცახად კახა კალაძემ.

რამდენიმე კვირით ადრე ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოუწოდა თბილისის მერიას, არ დაიწყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი და სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს იქ მცხოვრები ადამიანები.

EMC-ს თქმით, უნებართვოდ აშენებული შენობები, ხშირად, ერთადერთი თავშესაფარია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება, მსგავსი შენობების სასწრაფო დემონტაჟის შესახებ, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და არღვევს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს.