ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, ის მოსახლეობას ჰპირდებოდა იმას, რომ სადაც შესაძლებელი იქნებოდა, იქ დაეხმარებოდა სახლების დაკანონებაში. მისი თქმით, არავის არ დაჰპირებია იმას, რაც არ ჯდებოდა კანონის ფარგლებში. ასე გამოეხმაურა იგი თბილისის მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში დაწყებულ შენობების დემონტაჟის პროცესს.

"[სამგორი] თბილისის მეოთხედს მოიცავს. არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა. მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელია, დავეხმარებოდი დაკანონებაში. თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1 000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება. მე მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. ვერ დავპირდებოდი ვერავის ისეთს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. ვპირდებოდი ადამიანებს, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდი, თუმცა [სახლები] ბოლო სამ თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი. ასეთ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. რასაც დავპირდი, იმაზე მაქსიმალურად დავეხმარები", — განაცხადა მან.

დღეს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 20-მდე მშენებარე სახლი უკვე დაანგრიეს. როგორც აფრიკის დასახლების ერთ-ერთმა მკვიდრმა დღეს განაცხადა, ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი მათ დახმარებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუკი მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ.