ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის, რაც ახლა აფრიკის დასახლებაში ხდება, არის ხელისუფლების "ზუსტად ის არაადამიანური სახე", რისი გამოვლენაც დაიწყო, "როგორც კი, თავისი ჭკუით, ხელისუფლება გაინაღდა". ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბარში განაცხადა.

"ეს არის ზუსტად ის არაადამიანური სახე, რისი გამოვლენაც დაიწყეს, როგორც კი, თავისი ჭკუით, ხელისუფლება გაინაღდეს. მიტაცებული და ერთპარტიული პარლამენტის პრობლემა ეგ არის, პოლიტიკოსების პრობლემა კი არ არის. ისაა, რომ ისინი აძლევენ თავიანთ თავს უფლებას, თითოეულ მოქალაქეს და მათ საკუთრებას ასე მოეპყრან. ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში საკუთრება აბსოლუტურად დაურეგულირებელია. არის ყაჩაღების მიტაცებული და ხელისუფლების მხრიდან თავისი კორუფციული ინტერესებისთვის. გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც მიტოვებულები არიან ყველაფერში — პანდემიის დროსაც, პანდემიამდეც თავის გაჭირვებასთან, ახლა მოდიან და ასე უნგრევენ. თაბორი გავიხსენოთ, ის კანონია? იმიტომ რომ უმრავლესობა შეიკრიბა და დაუწერა რაც უნდოდა და მთელი მთა ქალაქის ცენტრში გადაუფორმეს ივანიშვილის 5 წუთში და აქ ადამიანებს შეხედეთ, გაჭირვებულები არიან, რაღაცა აიშენეს და მოვიდა ჯარი. ამ პოლიციას საქმე არ აქვს? წავიდნენ, ბადრი ესებუას სდიონ, კრიმინალს სდიონ", — ამბობს ხოშტარია.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ცდილობს. მოსახლეობა ცდილობს, შეეწინააღმდეგოს და დანგრევაში ხელი შეუშალოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე პირი.