თბილისში აფრიკის დასახლებაში მაცხოვრებლები, რომლებიც მერიის ზედამხედველობის სამსახურს ნაგებობების დემონტაჟის უფლებას არ აძლევენ, აცხადებენ, რომ მათ ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი დახმარებას დაჰპირდა, იმ შემთხვევაში, თუკი მას არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ.

"წყალს ამოგიყვანთო, გაზსო, ყველაფერს გაგიკეთებთო, უშუალოდ სოზარ სუბარმა გვითხრა, მოასწარით სანამ არჩევნებია, დაგვიდექით გვერდით და გაგიფორმებთ ამ სახლებსო", — ამბობს აფრიკის დასახლების მკვიდრი ფორმულას LIVE-ში.

"ორთაჭალის დასახლება სულ ჩემი გადაფორმებულია ყველაზეო, ყველა ასე ცხოვრობდა, ყველა ასე გაჭირვებულად იყო, მაგრამ ყველა ჩემს იმედზე დადგაო, თქვენც დადექით ჩემს იმედზე და გავიმარჯვებ თუ არა, თქვენს გვერდით ვიქნები, ესაა მაგის გვერდით ყოფნა", — ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ცდილობს. მოსახლეობა ცდილობს, შეეწინააღმდეგოს და დანგრევაში ხელი შეუშალოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე პირი.