ლელოს საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს სთხოვეს ფასილიტაციის მდგომარეობიდან არბიტრის მდგომარეობაში გადასულიყვნენ. TV პირველის ეთერში ხაზარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების მიერ მანდატების გამოწვევამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში, მათ კიდევ ერთხელ სცადონ გადაკვეთის წერტილების პოვნა მათსა და ქართულ ოცნებას შორის.

"ვუთხარით, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ასევე, ვუთხარით, რომ დარჩენილი დღეები, უკვე მანდატების გამოწვევამდე, იმიტომ რომ სიები უკვე ჩახსნილია და კანონმდებლობით ალბათ 1-2 დღეში ჩაიხსნება, დარჩა რამდენიმე დღე და მოვუწოდეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არსებობს მზაობა და თუ არის შესაძლებლობა, რომ ვნახოთ გამოსავალი, საერთო წერტილი [...] ასევე, ვთხოვეთ მათ, რომ ფასილიტაციის მდგომარეობიდან გადავიდნენ არბიტრის მდგომარეობაში", — ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, თქვენახევრის განმავლობაში ელჩებმა დიდი ენერგია ჩადეს ფასილიტაციის პროცესში, მაგრამ, პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა მათ მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

"ელჩებმა საკმაოდ დიდი ენერგია და მონდომება ჩადეს ამ საკმაოდ რთულ თვენახევრის მოლაპარაკებებში, რაც ჩანდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და რაც არ ჩანდა, მაგრამ, იმ წერტილამდე მივედით, რომ რადგანაც ვერ მოხდა შეჯერება, ახლა საჭიროა მათი პოზიციის დაფიქსირება, იმ ოქროს წერტილის მონახვა, რაც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის იქნება მისაღები პოზიცია", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ელჩებს ამ წინადადებაზე უარი არ უთქვამთ.

ლელოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა 14 დეკემბერს ფასილიტატორ ელჩებთან მორიგი შეხვედრა გამართეს.

31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. უკვე თვენახევარია მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლესაც აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები უწევენ ფასილიტაციას.

11 დეკემბერს, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მონაწილეობდა.

გაიგეთ მეტი: