"გიორგის გიო არ დავუძახოთ, მარის ჯობია მარიამი დავარქვათ, ნიკას კი ნიკოლოზი, რადგან წმინდანის სახელის სრულად არ დაძახება თურმე ბავშვს მადლს აკლებს" — უხსნის საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი, ლექსო გელაშვილი 10 წლამდე ბავშვებს.

გელაშვილი, პარალელურად, სტუდია გუთნის დამფუძნებელია და საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებს "სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილებს უტარებს. გელაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ 10 წლამდე ბავშვებისთვის რელიგიაზე, სამშობლოსა და სხვა საკითხებზე გაკვეთილები საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების დახმარებით მიმდინარეობს. მოსწავლეებთან გაკვეთილების ორგანიზებაში კი, მისივე თქმით, სკოლის მასწავლებლები ეხმარებიან.

რა არის "სამშობლოსმცოდნეობა" და რა ისწავლება ამ გაკვეთილზე

პროექტის ავტორი ამბობს, რომ წიგნი, ძირითადად, ბიბლიის, ქართლის ცხოვრებისა და პატრიარქ ილია მეორეს ეპისტოლეების მიხედვით არის შექმნილი. როგორც ლექსო გელაშვილი აღნიშნავს, მიზანია, მოზარდი "მეტად ეროვნული" გახდეს.

"დაახლოებით რომ გითხრათ, ქართული იდეის გაკვეთილია. ქართული იდეა არის ღმერთი, სამშობლო, ადამიანი — ასე გვასწავლის პატრიარქი. თუ გვინდა, ბავშვს სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქონდეს, რაც ჩვენ დღეს გვიჭირს, სასურველია, მშობელიც ისმენდეს ლექციას. არის სრული თავისუფლება. პედაგოგების დახმარებით ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს, ვისაც სურვილი აქვს, შემოიხედავს. მოეწონება — დარჩება, არ მოეწონება — თავის საქმეს დაადგება", — გვეუბნება ის.

სწავლება ხუთ კურსს მოიცავს, თუმცა მასწავლებელი ჯერ მხოლოდ თვითონაა.

"ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ჩვენმა პატრიარქმა გვითხრა, პედაგოგების შერჩევაში ძალიან ფრთხილად მოიქეცითო", — უთხრა On.ge-ს გელაშვილმა.

"მე-10 კლასელი ბავშვი აღარ იღებს ამ თემებს"

გელაშვილი არ მალავს, რომ უფროსკლასელებთან მუშაობის ვარიანტიც მოსინჯეს, მაგრამ არ გამოუვიდათ — ეკლესიური პროექტი მაღალი კლასების აუდიტორიამ არ მიიღო.

"სამწუხაროდ, მე-10 კლასელები ბავშვი აღარ იღებს ამ თემებს. მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ფსიქოლოგიაში თავისი წარმოდგენა, ვთქვათ, ღმერთზე, სიყვარულზე, სამშობლოზე და თუ ოჯახიდან მიცემული არ აქვს ეს აღზრდა, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ნაკლებად ხდება, ის უკვე ამ თემებს აღარ იღებს. უფრო მეტსაც გეტყვით, წინააღმდეგობაშიც კი ვარდება.

მაგალითად, მე ერთი წელი ვიმუშავე მე-10 კლასში და შეიძლება ითქვას, რომ შედეგი ვერ მივიღე და ამიტომ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს — სადაც ნამდვილად ვიცით, რომ შედეგი ექნება, იქ ვმუშაობთ. მე-5-მე-6 კლასელებს ძალიან მაღალი პროცენტით აქვთ შედეგი", — გვეუბნება ის.

რა თემებს განიხილავენ გაკვეთილზე?

"ეკლესია რასაც გვასწავლის, ყველაფერი წმინდაა და ისევ თქვენ და თქვენს ოჯახებს წაადგება ეს" — ეუბნება მოსწავლეებს გელაშვილი ერთ-ერთ გაკვეთილზე. ის On.ge-სთან აღნიშნავს, რომ ყველა გაკვეთილს 5-7 მოძღვარი ესწრება.

"სამშობლოსმცოდნეობის" მასწავლებელი ბავშვებს არც დავალებას აძლევს და არც საზეპიროებს. მოსწავლეებს არც წიგნები აქვთ. აქ მთავარი პედაგოგის მესიჯია. იყენებენ ვიდეოგაკვეთილებსაც.

გელაშვილის მტკიცებით, "სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი, იეჰოვას მოწმე, სომეხი და რუსი მოსწავლეებიც ესწრებიან და ამ საკითხს სიყვარულით უდგებიან.

"ჩვენ მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ამაში უნდა გავძლიერდეთ. ჩვენი ისტორიული მისია ყოველთვის იყო მართლმადიდებლობა და დღეს ამ სფეროში ჩვენ გვიჭირს. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ქართული, ეროვნული, მამაპაპური ფესვები გავუცოცხლოთ და ამაში მივეხმაროთ. ერთად მუშაობს მასწავლებელი, მშობელი, ეკლესია და აღმზრდელობითი მეთოდით ასწავლის ბავშვს. ვფიქრობ, შედეგი აუცილებლად გვექნება, იმიტომ, რომ ბავშვებში ფესვები არის, ჩვენ მხოლოდ უნდა შევეხოთ მას", — ამბობს ის.

აღნიშნული გაკვეთილები რუსთავსა და თბილისში 4-5 წელია ტარდება, საქართველოს სხვა რეგიონები კი გაკვეთილებზე პანდემიის შემდეგ, Zoom-ის საშუალებით ჩართეს. მაგალითად, 15 დეკემბრის ონლაინ შეხვედრას 900-ზე მეტი დამსწრე ჰყავდა. ლექსო გელაშვილმა "სამშობლოსმცოდნეობაზე" გაკვეთილი იმერეთისა და გურიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარა. ბავშვებთან ერთად შეხვედრას მოსწავლეების მშობლები და სხვა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ლექსო გელაშვილს სჯერა, რომ ამ საქმით მომავალ თაობას ზნეობრივ სიკეთეს მოუტანს, თუმცა სხვაგვარად ფიქრობს მშობელთა ნაწილი და თეოლოგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი მშობელი, თემო ბაჯელიძე ამბობს, რომ შვილს ახალი, არასავალდებულო საგნის დამატების შესახებ შეტყობინება სკოლის ჩათში მიუვიდა, სურვილის შემთხვევაში კი, ზუმით უნდა ჩართულიყო. ბაჯელიძის თქმით, საგნის სახელწოდება აბსოლუტურად სპეკულაციურია და მასში საერთოდ სხვა შინაარსი იგულისხმება — მოსწავლეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში მართლმადიდებლობის შესახებ უტარებენ გაკვეთილს.

"გაკვეთილი დაიწყო "მამაო ჩვენოთი" და ესწრებოდა 3 თუ 4 მაღალი იერარქიის მღვდელმთავარი. ვიღაც საერთოდ საპატრიარქოდან ესწრებოდა პირდაპირ. ანუ ჩანასახშივე გამორიცხეს, რომ "სამშობლოსმცოდნე" შეიძლება სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანიც იყოს ამ ქვეყანაში. პირდაპირი მოწოდებები იყო იმაზე, რომ ფული, წარმატება (განსაკუთრებით, რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი უცხოეთში მიღებულ განათლებას), უზრუნველი ცხოვრება არაფერია და მხოლოდ სამოთხისთვის უნდა ვიცხოვროთ. ამაში არაფერია ახალი, მაგრამ მთავარია, რომ ესაუბრები ბავშვებს", — აღნიშნავს ის.

თემოს თქმით, არც კი იყო განხილული, რომ შეიძლება მუსლიმ, გრიგორიანელ ან კათოლიკე ქართველს არანაკლებ და უფრო მეტადაც შეიძლება უყვარდეს სამშობლო.

"კონტექსტი, რომ ქართველად შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებელი იწოდებოდეს და მხოლოდ მას შეუძლია უყვარდეს სამშობლო, არის მავნებლობა და უზნეობა. ასევე, მაგალითად, ჩემი შვილისთვის ძალიან გაუგებარი აღმოჩნდა ის, რომ თურმე ცეკვის მედლები და წარმატება არაფერი ყოფილა და რომ კედელზე დაკიდებული 50-მდე პრიზი და მედალი საერთოდ არაფერს ნიშნავს. ძალიან გულდაწყვეტილი იყო და ამბობდა, ამას ხომ საქართველოსთვის და საქართველოს სახელით ვაკეთებო", — ამბობს ბაჯელიძე.

საპატრიარქოს ჩოხოსნების ხელმძღვანელი, ზვიად სეხნიაშვილი On.ge-სთან განმარტავს, რომ ბავშვების "სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილზე დასწრების საკითხი მშობლების გადასაწყვეტია. მისი თქმით, განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან ისინი "გარყვნილებასა და უზნეობას" არ ქადაგებენ და არც ტერორისტებს ზრდიან.

"სამშობლოსმცოდნეობა არის ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. უნდათ — მოუსმენენ, უნდათ — არ მოუსმენენ. ვასწავლით იმას, რასაც ქადაგებს ეკლესია — სიყვარული, მიტევება და ურთიერთობა. და ახლა მე რომ საპატრიარქოს ჩოხოსანი მქვია, ხომ არ დავიწყებ ყურანისა და სხვა რელიგიური კონფესიების სწავლებას. თუ ვინმე დაინტერესებულია ამით, გახსნან თვითონაც და ასწავლონ. მე ჩემი პროგრამა მაქვს", — ამბობს On.ge-სთან სეხნიაშვილი.

"ეს არის ტვინების გამორეცხვა, დააზიანებს ბავშვების ცნობიერებას"

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, ნებისმიერ რელიგიურ გაერთიანებას, თავისი რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა, იმუშაოს ბავშვებთან. მას მიაჩნია, რომ ზოგადად, ამ თვალსაზრისით, საკვირაო სკოლის მოდელის არსებობა უკანონო არ იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულად "სამშობლოსმცოდნეობის" საკითხი შესასწავლია.

მინდიაშვილის აზრით, ასეთი ტიპის ურთიერთობა ბავშვებთან მათ ცნობიერებას ძალიან მძიმედ დააზიანებს.

"გამოშიგნულია ქრისტიანული ფასეულობებისაგან. მიდგომა, თვითონ სწავლების ფორმითა და შინაარსით დაწყებული, აბსოლუტურად აცდენილია იმას, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს, გნებავთ პატრიოტიზმი, გნებავთ ქრისტიანობის შინაარსი. მაგრამ უძლურები ვართ, თუ ეს არის კერძო სივრცე. ერთადერთი, შეიძლება შეფასება, რომ ეს დააზიანებს ბავშვების ცნობიერებას. რასაც მე ვუყურე, ეს არის ტვინების გამორეცხვა, თან ძალიან უხეში მეთოდებით და დაცლილი ქრისტიანული ფასეულობებისგან. ასე არ ისწავლება ეს ყველაფერი", — ამბობს თეოლოგი On.ge-სთან.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე აღნიშნავს, რომ "სამშობლოსმცოდნეობის" გაკვეთილებს, რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული, კონფესიური ხასიათი აქვს და ისინი მართლმადიდებლურ რელიგიაზეა აგებული. მისი თქმით, თუკი ეს ამ ფორმით საჯარო სკოლებში ისწავლება, კანონდარღვევა იქნება. ღავთაძე აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა ფორმით ისწავლება, ხდება ეს სასწავლო პროცესის დროს თუ საგაკვეთილო დროის მიღმა, ბავშვების სურვილით, თუ ამაში სკოლის ადმინისტრაციაა ჩართული.

"მაგალითად, სკოლებს უფლება აქვთ თვითონ დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ მოსწავლეებს. ამას უშვებს კანონმდებლობა. საკმაოდ ზედაპირულია კანონი. ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ბევრი რისკი არსებობს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ რაღაც კონტროლის მექანიზმი მაინც არსებობს, რომ ეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს შეესაბამებოდეს", — ამბობს მაკო ღავთაძე.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წელია სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხი გააქტიურდა. ღავთაძის თქმით, ეკლესიას სულ აქვს მცდელობა, ფორმალურად თუ არაფორმალურად, რელიგია ისწავლებოდეს. მან სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადება გაიხსენა, რომელსაც მალევე გამოეხმაურა განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და დაეთანხმა.

"რელიგია კონფესიურად ნამდვილად არ უნდა ისწავლებოდეს. თუკი საუბარია რელიგიების ისტორიასა და მათ შესახებ ზოგადი ცოდნის მიწოდებაზე მოსწავლეებისთვის, ასეთი სწავლება მსოფლიოში ცუდად არ ითვლება, პირიქით. რაც მეტი ცოდნა ექნებათ მათ გარშემო არსებულ მრავალფეროვნებაზე, მით უფრო შემწყნარებლები იქნებიან. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ სასკოლო გარემო ძალიან დისკრიმინაციულია მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ნეიტრალური შინაარსით სწავლება იქნება", — აცხადებს TDI-ის წარმომადგენელი.

რას ამბობენ განათლების სამინისტროში?

განათლების სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საგანი "სამშობლოსმცოდნეობა" ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროსთვის არავის მიუმართავს. შესაბამისად, მათივე ცნობით, საგნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სამინისტროსა და რესურსცენტრების მხრიდან არ მომხდარა.

"სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია [სსიპ] და მას აქვს უფლება, მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი საგანმანათლებლო სერვისი სამინისტროსგან დამოუკიდებლად შესთავაზოს", — აღნიშნავენ უწყებაში.

უცნობია, რა ბედი ელის სამომავლოდ "სამშობლოსმცოდნეობას", მაგრამ დღეის მდგომარეობით, საპატრიარქო ბავშვებს იმას ასწავლის, რაც თავად სურს.