ხანდახან, როცა ცუდი ამბები და კორონავირუსის შემაშფოთებელი სტატისტიკა მეტისმეტი ხდება, ალბათ თქვენც წარმოგიდგენიათ დეტალებში, როგორ დასრულდება ეს რამდენიმეთვიანი სიზმარი და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით: როგორ განვაახლებთ სიარულს კაფეებსა და კინოთეატრებში, გავათენებთ ღამეებს კლუბებში და დავესწრებით ღია ცის ქვეშ ფესტივალებს. ეს ოცნებები, ცხადია, უსაფუძვლო არაა, მაგრამ მათი ახდენა სულაც არაა გარანტირებული. საქმე ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, პანდემიის დასრულების შემდეგ სად იქნებიან გაფანტული ჩვენი ძველი ცხოვრების ელემენტები და იარსებებენ თუ არა.

კომუნა მზესუმზირა, რომელიც 30-მდე ადამიანისგან შედგება, 7 წლის წინ შეიქმნა. პატარა მეგობრული შეკრებები დიდ მეგობრულ თავყრილობებში გადაიზარდა და ეზოზე ასვლა თავგდასავალის სინონიმად იქცა. ერთხელ თუ მაინც ხართ ეზოზე ნამყოფი, ზუსტად გეცოდინებათ, რამდენ ენერგიას, დროს და ემოციას დებენ მზესუმზირას შემქმნელები იმაში, რომ თქვენ სახლში სასიამოვნო შეგრძნებებით დაბრუნდეთ.

პანდემიამ მზესუმზირას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბოლო მცდელობა, ივენთი უსაფრთხოების წესების დაცვით გამართულიყო, მოზრდილი ჯარიმით დასრულდა, მას შემდეგ კი მზესუმზირაც ქვეყანასავით გაჩერებულია.

"რაც შეგვეძლო ვქენით, მაგრამ დიდი შანსია, გვირაბის ბოლომდე ვეღარ მივატანოთ", – წერია პოსტში, სადაც კომუნის წევრები განვლილ გზას აჯამებენ და გულშემატკივრებს თანადგომისკენ მოუწოდებენ.

თუმცა ეს დასასრული არაა და არც უნდა იყოს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

გამოსავლის ძიების ეგიდით ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა donate.mzesumzira.com, სადაც მხარდაჭერის რამდენიმე ფორმატს ნახავთ.

გულსამაგრი და პოსტერი — 30 ₾

მზესუმზირას გულსამაგრი და დიზაინერ "კვაჭის" ულამაზესი ილუსტრაცია, რომელიც 2019 წლის ეზო ფესტივალის დახურვის ივენთისთვის შეიქმნა

Mzesumzira Records-ის ყველა EP + პოსტერი — 50 ₾

12 არტისტის მიერ დარელიზებული 28 ტრეკი, რომელიც Mzesumzira Records-ზე გამოიცა + არტ-დირექტორ გიო ქვლივიძისა და დიზაინერ სოფო ჩიჯავაძის მიერ შექმნილი პოსტერი;
ასევე გუაპა კერამიკსის მიერ დამზადებული ხელნაკეთი მზესუმზირას გულსამაგრი.

საიდუმლო ივენთის ბილეთი და ღვინო ჟუჟუნა — 100 ₾

ეს ივენთი პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიმართება და მას ექსკლუზიურად დაესწრებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ პაკეტს შეიძენს. ივენთამდე კი მზესუმზირა სახლში გამოგიგზავნით ჟუჟუნა ღვინოს, რათა იზოლაციაში თავი გაირთოთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის შემოწირულობა გააკეთოთ, ან უბრალოდ — ეს სტატია გააზიაროთ.

ასე რომ, თუ ხშირად ფიქრობთ იმაზე, რა კარგი იქნება, როცა ძველებურად შევხვდებით ერთმანეთს ჩვენთვის საყვარელ სივრცეებში, ჯერ ამ სივრცეების გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ. მერე კი, თუ გინდათ ერთად ვიღიღინოთ — მთაწმინდაზე ბილიკს ისე მივყვები...