დავით თარხან-მოურავი აჭარის ავტონომიური უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აღარაა, თუმცა, მან თანამდებობის პირის დეკლარაცია, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, 17 იანვარს მაინც შეავსო.

მას ოჯახის წევრების გრაფაში არავინ ჰყავს მითითებული. ცარიელია უძრავი ქონების შესახებ ველიც.

დეკლარაციის მიხედვით, მან 2016 წელს 2 ავტომობილი შეიძინა - Toyota Sequoia და Nissan Armada. Toyota Sequoia 19 ათას ამერიკულ დოლარად იყიდა, Nissan Armada კი - 17 ათას დოლარად. Nissan Armada შეიძინა გასულ წელს მისმა თანაგუნდელმა - ირმა ინაშვილმაც. თუმცა, ინაშვილმა იგივე მოდელის ავტომობილში უფრო ნაკლები, 14 ათასი დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მას ანგარიშზე 2 613 ლარი ჰქონდა, ნაღდი ფულის სახით კი - 12 ათასი ამერიკული დოლარი. მის დეკლარაციაში ცარიელია ხელფასის ველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შემოსავალი არ მიუღია.