სულ მალე ტარგარიენთა საგვარეულოს ახალ წარმომადგენლებს გავიცნობთ.

როგორც ერთგულ გულშემატკივრებს კარგად მოეხსენებათ, საკულტო სერიალის სამეფო კარის თამაშების (Game of Thrones) დასრულების შემდეგ HBO ამავე სამყაროს შესახებ ახალ სატელევიზიო შოუზე — House of the Dragon მუშაობს და სულ ცოტა ხნის წინ ამ ამბიციური პროექტის სამი ახალი მონაწილე გაგვაცნეს.

ოლივია ქუქი, ემა დარსი და მეთ სმიტი — სამი მსახიობი, რომლებიც მომავალ სერიალში სამ მნიშვნელოვან როლს მოირგებენ. ოლივია ქუქს მაყურებელი აქამდე ფილმებში პირველი მოთამაშე, მოემზადე (Ready Player One) და უიჯა (Ouija), ასევე სერიალებში ბეიტსის მოტელი (Bates Motel) და თანამედროვე სიყვარული (Modern Love) შესრულებული როლებით იცნობს. ემა დარსი 28 წლის ბრიტანელი მსახიობია, რომელიც აქამდე ძირითადად თეატრის სცენაზე თამაშობდა. რაც შეეხება მეთ სმიტს, მან უკვე ყველას დაამახსოვრა თავი ისეთ ცნობილ სერიალებში მონაწილეობით, როგორებიცაა დოქტორი ვინ (Doctor Who) და გვირგვინი (The Crown).

მეთ სმიტი სერიალში გვირგვინი.

ფოტო: Netflix

მანამდე ჯერ კიდევ ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ინგლისელი მსახიობი, პედი კონსიდაინი შეუერთდა სასმახიობო გუნდს: ის მეფე ვისერის ტარგარიენის როლს შეასრულებს.

როგორც უკვე ცნობილია, მომავალი სერიალი, რომლის სახელწოდებაცაა House of the Dragon, ტარგარიენების სამოქალაქო ომის, იგივე დრაკონების ცეკვის შესახებ იქნება, რომელიც Game of Thrones-ში ასახულ ისტორიამდე 200 წლით ადრე მოხდა.

სერიალს კვლავ ჯორჯ მარტინის წიგნების კიდევ ერთი ცნობილი სერიის Fire and Blood-ის მიხედვით იღებენ, რომელიც ტარგარიენების საგვარეულოს წარმომადგენლების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ეს ომი დეინერისის წინაპრებმა რამდენიმე თაობით ადრე წამოიწყეს და მან საბოლოოდ ვესტეროსის ერთიანი სამეფოს შექმნა გამოიწვია. შესაბამისად, მალე ეკრანზე არაერთ დრაკონსა და მათ მხედრებს — ტარგარიენებს ვიხილავთ.

სერიალის პრემიერა 2022 წლისთვისაადა ჩვენც მაშინ შეგვეძლება შეფასება, თუ ამჯერად რამდენად წარმატებული იქნება ჯორჯ მარტინის კიდევ ერთი ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომლის სცენარზეც თავად ეს ცნობილი ამერიკელი მწერალიც იმუშავებს.