ფრენსის მაკდორმანდი Vogue-ის 2021 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე მთლიანად მაკიაჟის გარეშე გამოჩნდება — ეს დაუფარავი სახე და თავბრუდამხვევი ველური სტილი მისი საფირმო ესთეტიკაა.

ხუთშაბათს, 10 დეკემბერს, Vogue-მა განაცხადა, რომ 63 წლის მსახიობი ახალი 2021 წლის პირველი ნომრის გარეკანის მთავარი ვარსკვლავი იქნება.

"63 წლის ქალი რომ ჯერ კიდევ კულტურულად რელევანტური ხარ, ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნოა. ეს რაღაც ისეთია, რისი მოლოდინიც ვერასდროს მექნება, იმას თუ გავითვალისწინებთ, რასაც მეუბნებოდნენ. და მჯერა, რომ რაღაც წვლილი მეც შევიტანე. ამ წამის რაღაც ნაწილი დროში გამოვკვეთე. და, ჯანდაბა, ძალიანაც ვამაყობ", — განაცხადა Fargo-ს ვარსკვლავმა.

ფოტო: Vogue

ანი ლებოვიცის ფოტოზე სამი ბილბორდის (Three Billboards) ვარსკვლავს Vela-ს საყურეებთან ერთად Fear of God-ის ბრენდის კოსტიუმი და ჰუდი აცვია.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ოსკაროსანმა მსახიობმა პოპ-კულტურაში საკუთარი ადგილი თვითონ დაიმკვიდრა და ის ჰოლივუდს არასდროს აძლევდა უფლებას, ებრძანებინა, თუ როგორ გამოხატავდა საკუთარ თავს. ის სულ ბუნებრივ და სადა ვიზუალს ინარჩუნებდა, რომელიც ყოველთვის შთამბეჭდავი იყო.

ის არათუ თმას არ იღებავს, არამედ დაჯილდოებებზეც კი ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე დადის — მაგალითად, ორი წლის წინ სამი ბილბორდისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ოსკარის მიღებისას ის მთლიანად ბუნებრივი სახით წარდგა.

ფოტო: Charles Sykes/Invision/AP/Shutterstock

თუმცა, როცა საქმე მოდას ეხება, ის მას ზედაპირულად სულაც არ უყურებს. 2018 წლის Met Gala-ზე ის უჩვეულო თავსაბურავითა და კაბით წარდგა:

"მოდას ყოველთვის მივდევდი და ფარული სურვილი მქონდა, რომ მის მიმართ ჩემი ცოდნა და დაფასება გამომევლინა", — განუცხადა მან Vogue-ს 2019 წელს.

2019 წელს ოსკარის სცენაზე ის Birkenstocks-ის ფეხსაცმლის წყვილით წარდგა, თუმცა ეს ჩვეულებრივი, ძველებური Birkenstocks არ ყოფილა — ისინი თვით Valentino-ს პიერპაოლო პიჩიოლის ინდივიდუალური ქმნილება იყო.

"როდესაც მომეცა იმის შანსი, რომ მოდის გარკვეული ნივთის შექმნაში საკუთარი ენთუზიაზმი და გამოცდილება ჩამედო, ჩემთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობდა: Birkenstock-ის Arizona-ს ორზონარიანი სანდლები. მათ, პირდაპირი გაგებით, ფიზიკურად და ფილოსოფიურად ჩამომაყალიბეს. ერთადერთი, რაც მსურდა, ის იყო, რომ ერთი ასეთი წყვილი მქონოდა ჩემს საყვარელ ფერში: მჟავისებრ ყვითელში. და ახლა ისინი არსებობენ!", — განუცხადა ფრენსისმა Vogue-ს.