დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს რამდენიმე შემთხვევაზე კვლევა, რათა დადგინდეს, ნამდვილად კორონავირუსით რეინფიცირება იყო თუ — არა.

"რამდენიმე შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. აუცილებელია, პირველადი ნიმუშების ამოღება. ჩვენთან რეინფიცირების პროტოკოლი გაკეთდა, რომელიც ეყრდნობა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს, როდის უნდა დაადასტურო, რომ ნამდვილად გაქვს თუ არა რეინფიცირება. ეს, ასევე, გულისხმობს ნიმუშების გენომის დაშლას და იმის მიხედვით დასკვნას, იყო ნამდვილად რეინფიცირება თუ არა. ამ ტიპის კვლევები ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს და სწორედ, რამდენიმე შემთხვევა არის ახლა ამოღებული გაზაფხულისა და შემოდგომის, სადაც ამ ტიპის კვლევა მიმდინარეობს", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ამასთან, გამოჯანმრთელდა — 3 498 პაციენტი.

ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე გამოვლენილია 196 063 შემთხვევა; გამოჯანმრთელებულია — 161 681; გარდაცვლილია — 1 839 ადამიანი.