ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, სასწრაფოს გამოძახებებისა და მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტების რაოდენობა შემცირებულია. მისი თქმით, ეს მიუთითებს, რომ ჰოსპიტალურ სექტორიში მეტი რესურსი გაჩნდა.

"ჯერჯერობით, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლის კლების თვალსაზრისით, ცოტა ნაადრევია დასკვნის გაკეთება, რადგან, გარკვეულწილად, ეს უკავშირდება შაბათ-კვირის ეფექტს, როდესაც ტესტირება შემცირებული იყო. თუმცა, ნიშნები იმისი, რომ სასწრაფოს გამოძახებების რაოდენობა იკლებს და ასევე, მოლოდინის პერიოდში მყოფი პაციენტების რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მიუთითებს იმას, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მეტი რესურსი გამოჩნდა იმისთვის, რომ პაციენტების დაყოვნება ბინაზე აღარ ხდებოდეს", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, 14 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 672 თავისუფალი საწოლია.

"დღეს [14 დეკემბერი] დილის მდგომარეობით 672 თავისუფალი საწოლი გახლდათ სისტემაში. რა თქმა უნდა, ეს განაწილებულია და მეტი წილი აქედან არის თბილისში. თბილისში დატვირთვაც მეტია. ასევე, აჭარაში, იმერეთში, სხვა რეგიონებშიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული რესურსი იმისთვის, რომ პაციენტების ბრუნვა მოხდეს", — აცხადებს გაბუნია.

14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ამასთან, გამოჯანმრთელდა — 3 498 პაციენტი.

გაიგეთ მეტი: