შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, 10-11 დეკემბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდზე ყუარდღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე კიდევ უდრო დამძიმებული ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებაზე და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გამახვილდა.

"მეორე სამუშო ჯგუფის ფარგლებში, სადაც ძირითადად განხილულია ჰუმანიტარული თემები და წარმოდგენილია სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების ჩათვლით. ისევე, როგორც ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯებზე, რაც არ შეწყვეტილა კოვიდპანდემიის დროსაც ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების თუ თავისუფალი გადაადგილების უპრენცენდენტო შეზღუდვის სახით. რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა ახალგორის მიმართულებით ე.წ გადასასვლელი პუნკტების დაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე. აღსანიშნავია, რომ ამ რეჟიმმა უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუღებელია ამგვარი რეჟიმის გაგრძელება, რომლის შედეგადაც ფაქტობრივად მძევლად არის აყვანილი ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით დააყენა საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი; ამასთან განხილულ იქნა ირაკლი ბებუას საქმე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიუსაჯა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეხვედრის მონაწილეებს, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი და უპირობოდ გათავისუფლება", — განაცხადა ახვლედიანმა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.