კომუნიკაციების კომისია არასამთავრობოების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ისინი დაუსაბუთებელსა და არაარგუმენტირებულს უწოდბენენ.

კომისიის მტკიცებით, 7 დეკემბრის განცხადების გავრცელებით მიზნად ისახავენ, შეასრულონ კანონი და თავისი ვალდებულება, დაიცვას საზოგადოება უხამსობისა და გინების შემცველი გადაცემებისგან.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ქვეყანაში ყველაზე ლიბერალური მედიაპოლიტიკაა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ ემუქრება:

"რაც შეეხება უხამსობასა და გინებას მას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან, ვინაიდან მაუწყებლების მიერ ეთერში გინებისა და უხამსობის შემცველი გადაცემები თესავს აგრესიას, აღვივებს სიძულვილს, იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას, აღრმავებს ესკალაციას განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებს შორის, ლახავს ადამიანის ღირსებას და ზიანს აყენებს მათ".

კომისიაში, ასევე, ამატებენ, რომ სიტყვის თავისუფლების სახელით უხამსობისა და გინების ტირაჟირება, სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის შეზღუდვისკენ მიმართული ქმედებაა. არგუმენტად ისინი იშველიებენ კანონმდებლობას და აღნიშნავე, რომ სიტყვის თავისუფლება არაა აბსოლუტური უფლება და არსებობს შეზღუდვის საფუძველიც. ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარი სწორედ მაუწყებლის მიერ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებასთან გაავლო.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიაში დასძენენ, რომ უხამსობის შემცველი გადაცემების განთავსებაზე რეაგირება განეკუთვნება კომისიის მარეგულირებელ ფუნქციებს, სწორედ ისეთ შემთხვევებში, როდესაც თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტურია.

7 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს, არ განათავსონ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემები. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კომისიას მსგავსი არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება არ გააჩნია.

საიაში ამბობენ, რომ კომისიის აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს არც მაუწყებლობის შესახებ კანონიდან და არც საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებიდან. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უხამსობის შემცველ პროგრამაზე დაიშვა მხოლოდ სასამართლოს კონტროლი და გადაწყვეტილება არ იძლევა იმის უფლებას, რომ სამაუწყებლო პროგრამის უხამსობა გახდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის ან რეაგირების საგანი.