შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში შეიარაღებულ თავდასხმის საქმეზე ძებნილი ბადრი ესებუსას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში აიყვანეს და მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც შსს-ში ამბობენ, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ დაკავებულს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, მის მიმართ ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა. უწყებაში ამბობენ, რომ ღონისძიების მიმდინარეობისას ბადრი ესებუას ძმამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.

ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. იგი ნახევარ მილიონს ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიებს მოითხოვდა.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს მთავარი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. მათი განცხადებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

თავდაპირველად გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და წამების მუხლით დაიწყო. თუმცა რამდენიმე დღეში საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.