აშშ-ს საკვებისა და წამლის სააგენტომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება საგანგებო შემთხვევებში დასაშვებად ცნო. როგორც BBC-ს წერს, სააგენტოზე დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა FDA-ს ხელმძღვანელი, სტივენ ჰანი ამას უარყოფს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, პირველი ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექს აზარმა განაცხადა, რომ ისინი Pfizer-თან ითანამშრომლებენ, რათა მასობრივი ვაქცინაცია უკვე შემდეგი კვირის დასაწყისში დაიწყონ.

Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დამტკიცებულია დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის მარეგულირებლების მიერ. იგეგმება, რომ Pfizer დეკემბრის ბოლოს აშშ-ს ვაქცინის 6,4 მილიონ დოზას მიაწვდის, რაც დაახლოებით სამ მილიონ ადამიანზე გადანაწილდება.

დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, ვაქცინა პირველ რიგში გაუკეთდებათ სამედიცინო მუშაკებს და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს.