2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 21 იანვარს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

  • სიცოცხლის უფლება;
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
  • საკუთრების დაცვა;
  • განათლების უფლება;
  • მიმოსვლის თავისუფლება.

"რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია 2013 წლიდან. 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით)", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ, 2013 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, სხვადასხვა წყაროში არსებული დიდი რაოდენობით დოკუმენტი/მტკიცებულება შეისწავლეს. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.

უწყების განცხადებით, ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარსდგა.