ეკა მესხიძეს, რომლის სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადგინა, სააპელაციო სასამართლომ მედიაში გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაავალა. საქმე ეხება მისი ყოფილი ხელმძღვანელის, საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელს, რომლითაც ის ითხოვდა იმ განცხადებების უარყოფას, რომლებიც მესხიძემ მედიაში მას შემდეგ გააკეთა, რაც სახალხო დამცველის დასკვნა საჯარო გახდა.

გამომდინარე იქედან, რომ ომბუდსმენის დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, უგრეხელიძე ამ დოკუმენტს ვერ გაასაჩივრებდა. მან საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა სარჩელი მესხიძის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სწორედ ეს გაასაჩივრეს სააპელაციოში მესხიძის ადვოკატებმა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მეორე ინსტანციის სასამართლომაც.

საია-ს ადვოკატს, დათო ლომთაძეს სააპელაციოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნია. მისი თქმით, რთული იქნება, მეორე ინსტანციამ შეძლოს და ეს ლოგიკური არგუმენტებით გაამყაროს.

"დისკრიმინაციას ადასტურებს სახალხო დამცველი და ეს მტკიცებულებებშიც გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეკა მესხიძეს სასამართლომ დაავალა გავრცელებული ცნობების უარყოფა. ზოგადად, ეს განმეორებითი ვიქტიმიზაციის საშიშროებას აჩენს. საქმე სახალხო დამცველმა უკვე განიხილა და ახლა მესხიძეს იგივე პროცესის გავლა უწევს ხელახლა. რა თქმა უნდა, პრობლემა არის სასამართლოს კუთხით და სასამართლოს არასწორი განმარტებების შედეგია ეს ყველაფერი", — ამბობს ადვოკატი On.ge-სთან.

საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან თანამშრომელი ქალის შევიწროებაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც საჯარო გახდა სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც ამას ადასტურებდა. ამის შემდეგ, ეკა მესხიძე მედიასთან ამბობდა, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, ყოველდღიურად უწევდა უგრეხელიძისგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება არ სურდა და ამიტომ ითმენდა. დუმილის დარღვევა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობა დატოვა და ახალ სამსახურში უგრეხელიძის მხრიდან მუქარისა და ღირსების შემლახავი განცხადებები გაგრძელდა. უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 მარტს დატოვა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის დასკვნა საჯარო გახდა და განცხადებები ეკა მესხიძემაც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ქალს არ სურდა იდენტიფიცირება, თუმცა საკითხის მედიაში გაშუქების შემდეგ, პაპუნა უგრეხელიძემ ყოფილი თანამშრომლის სახელი და გვარი Facebook-ზე საჯაროდ დაწერა.

14 ივნისს საჯარო რეესტრის ყოფილმა თავმჯდომარემ სასამართლოში იჩივლა. მისი მოთხოვნა ეხებოდა ქალის მიერ მედიით გავრცელებული ცნობების და ღირსების შემლახავი გამონათქვამების უარყოფას. დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა, ეს სახალხო დამცველს უკვე დადგენილი აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უგრხელიძეს სარჩელი ნაწილობრივ 2019 წლის 9 აგვისტოს დაუკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით ქალს მედიაში უგრეხელიძის მიმართ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა. სწორედ ეს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 10 დეკემბერს.

ეკა მესხიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში On.ge-ს უთხრეს, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, უზენაეს სასამართლოსაც მიმართავენ.

ამავე თემაზე: