სწორი გაწვრთნის და მოტივაციით შედეგად, ზოგ ძაღლს 40 სხვადასხვა ტიპის ამაფეთქებლის, უამრავი ნარკოტიკული საშუალების და კიბოს აღმოჩენაც კი შეუძლია. ახალი კვლევა კი მიანიშნებს, რომ ძაღლების ყნოსვა ადამიანის ოფლში SARS-CoV-2-ს, ანუ COVID-19-ის გამომწვევ ვირუსსაც ამოიცნობს.

ფრანგმა და ლიბანელმა მეცნიერებმა 6 ძაღლი გაწვრთნეს, რომლებმაც კორონავირუსის "სუნი" ინფიცირებული პაციენტების დაყნოსვით დაიმახსოვრეს. რამდენიმე კვირაში ძაღლებს ტესტი ჩაუტარეს, სადაც ადამიანების ოფლით გაჯერებული ნიმუშები აყნოსინეს, ძაღლებმა კი COVID-19-იანი პაციენტების ნიმუშები სწორედ ამოიცნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არასრული კვლევაა, არსებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ძაღლების COVID-19-ის სკრინინგისთვის გამოყენება იაფი და რეალური შესაძლებლობაა.

თეორიის ორგზის ბრმა გამოცდა (Double-blind test) ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ საჯარო ჯანდაცვაში ძაღლების მასშტაბური გამოყენება ნაადრევია. თუმცა, თუ ტესტირება წარმატებით გაგრძელდა, მომავალში ძაღლების გამოყენება მთელი რიგი დაავადებების სკრინინგისთვის შეიძლება.

ამ მხრივ კვლევები აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ფინეთში, ჰელსინკის აეროპორტში ძაღლებმა COVID-19-ის შემთხვევები 100 პროცენტიანი სიზუსტით ამოიცნეს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას სუნავენ ძაღლები ამ სიტუაციაში. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი ჩვენი სხეულის "სითხეებში", ანუ ოფლში, შარდში, ნერწყვში და ა.შ, გარკვეულ მოლეკულებს შლის და პატარა აქროლვად ორგანულ ნაერთებს (VOC) წარმოქმნის. ეს VOC-ები კი ადამინის სხეულის სუნზე აისახება, რასაც სავარაუდოდ, ძაღლის სენსიტიური ცხვირი აფიქსირებს.

რომც დადასტურდეს, რომ ძაღლების ყნოსვა კორონავირუსს მაღალი სიზუსტით ცნობს, COVID-19-ის ტესტებს, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ვერ ჩაანაცვლებენ. თუმცა, მომავალში ძაღლები შეიძლება ადამიანების დიდი ჯგუფების სკრინინგში დაგვეხმარონ, რაც შემთხვევების იზოლირების და უკეთ შესწავლის საშუალებას მოგვცემს.