ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თუ დარწმუნდება, "ოცნებას" 1%-ით მომატებული აქვს არჩევნებში ხმები, იმ პარლამენტში არ გაჩერდება.

"არჩევნები რომ არ გაყალბებულა, ამაში ვარ დარწმუნებული, ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას ძალიან თამამად. პარლამენტში შემოვიდნენ, შექმნან საგამოძიებო კომისია და საერთოდაც, რომ არ შექმნან, მე თუ დავრწმუნდები, რომ მართლა 1%-ით მომატებული გვაქვს, ამ პარლამენტში რა გამაჩერებს.", — განაცხადა სოზარ სუბარმა.

11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება იღებს მონაწილეობას. სხდომაზე ასევე არიან მიწვეული პრეზიდენტი, პატრიარქი და დიპლომატები. პატრიარქის ნაცვლად, სხდომას მისი მოსაყდრე, შიო მუჯირი ესწრება.

სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და ხელი მოაწერა საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ამასთან, ოპოზიციამ ხელმოწერილი განცხადებები, სიის განულების მოთხოვნით, ცესკო-ში უკვე ჩააბარა.