საქართველო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რადგან ოპოზიციამ მოახერხა ერთობის შენარჩუნება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

"დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. დიდი გამარჯვებაა პირველ რიგში ქართველი ხალხის. არავის არ ეჯერა, რომ მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია. მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს. ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ძალა არის ერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა ოპოზიციიდან პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის ვინც უკანონოდ შევიდა პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე გამოვიყვანოთ იქიდან, საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება და პარლამენტი", — ამბობს სააკაშვილი.

დღეს, 11 დეკემბერს პარლამენტში მე-10 მოწვევის სხდომა მიმდინარეობს, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება იღებს მონაწილეობას. სხდომაზე ასევე არიან მიწვეული პრეზიდენტი, პატრიარქი და დიპლომატები. პატრიარქის ნაცვლად, სხდომას მისი მოსაყდრე, შიო მუჯირი ესწრება.

სხდომის პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეკრებილმა ოპოზიციის ნაწილმა მანდატებზე უარი თქვა და ხელი მოაწერა საერთო მემორანდუმს ბოიკოტის შესახებ.