მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებისა და სხვა ცხოველების მსგავსად, სამკურნალო მცენარეებს ბეღურებიც მიმართავენ ხოლმე. ჯერ კიდევ უცნობია, ეს ინსტინქტია, თუ ნასწავლი ქცევა, თუმცა შესაძლოა, ცხოველები ისეთ ბუნებრივ სამკურნალო მცენარეებსაც იცნობდნენ, რომელთა შესახებაც ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით.

გასულ კვირას, ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც ისინი ბეღურების ბიჰევიორიზმს, კონკრეტულად კი ყლაპვას შეისწავლიდნენ. როგორც ჩანს, ამ ფრინველებმა ზუსტად იციან, თუ რა რაოდენობით სამკურნალო მცენარე უნდა მისცენ თავიანთ ნაშიერს. ამ შემთხვევაში, საუბარია მწვანე აბზინდაზე, რომელიც კლავს პარაზიტებს და ხელს უწყობს ზრდის პროცესს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მივიდეთ ორ დასკვნამდე: ჩიტებს კარგად ესმით მცენარეთა სამკურნალო თვისებები და მათი საშუალებით ისინი თავიანთი ბარტყების მომავალზე ზრუნავენ.

აღსანიშნავია, რომ ბეღურები არ წარმოადგენენ ერთადერთ სახეობას, რომლებიც მკურნალობის მიზნით მცენარეებს მიმართავენ. ეს უნარი მეცნიერებში, ჯერჯერობით, ბევრ კითხვას ბადებს: ეს ქცევა ცხოველებში ინსტინქტურია, თუ გამომუშავებული? თუ ქცევა გამომუშავებულია, უზიარებენ თუ არა ცხოველები მას ერთმანეთს ერთი სახეობისა თუ ოჯახი ფარგლებში? მიმართავენ თუ არა ისინი სხვადასხვა შემცვლელებს იქამდე, სანამ უკეთესად იგრძნობენ თავს? იქნებ ავადმყოფობის დროს მათ, უბრალოდ, გაძლიერებული მადა აქვთ შესაბამისი სამკურნალო მცენარის მიმართ? იქნებ ეს ბუნებრივი სელექციის შედეგია და მხოლოდ ის ცხოველები გადარჩნენ, რომლებიც, უბრალოდ, სამკურნალო მცენარეებს ყლაპავენ ხოლმე? ამ კითხვებზე პასუხი მეცნიერებს ჯერ არ აქვთ.

სფეროს, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის, ზოოფარმაკოგნოზია ეწოდება. "მე მჯერა, რომ დღეს არსებული ცხოველთა ყველა სახეობა რაიმე გზით მკურნალობს საკუთარ თავს ავად ყოფნის დროს", — განუცხადა 2017 წელს New York Times-ს მაიკლ ჰაფმანმა, კიოტოს უნივერსიტეტის პრიმატების კვლევის ინსტიტუტიდან. "ეს უბრალოდ ფაქტია სიცოცხლის შესახებ".

ფარმაცევტები ცხოველთა სამყაროდან

ფოტო: rebelmouse.io

New York Times-ის სტატიაში ჰაფმანი ყვება ისტორიას შიმპანზეს შესახებ, რომელსაც იგი აკვირდებოდა და რომელსაც ჩაუსიკუ დაარქვა. ჩაუსიკუ თავის საერთო სისუსტეს Vernonia amygdalina-ით მკურნალობდა — იგი დაღეჭვის გზით იღებდა მცენარის წვენს. ადგილობრივი რეინჯერის მიხედვით, მცენარე შეიცავს ძლიერმოქმედ წამალს, თუმცა მისი წვენის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში, იგი შეიძლება ლეტალურიც იყოს. ჩაუსიკუმ როგორღაც იცის, თუ რა რაოდენობით წვენი უნდა მიიღოს. მცენარის დაღეჭვიდან რამდენიმე დღეში მან სრულად აღიდგინა ენერგია და ძლიერი მადა, რაც ნაწლავის ტკივილის მოხსნაზე მეტყველებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მცენარის წვენში არის რამდენიმე შენაერთი ძლიერი ანტიპარაზიტული თვისებებით.

აშკარაა, რომ ამ ტიპის სამედიცინო გამოცდილება საკმაოდ გავრცელებულია ცხოველთა სამეფოში. PNAS-ის სტატიაში, რომელიც ბიოტექნოლოგიების ინფორმაციის ეროვნულმა ცენტრმა გააზიარა 2014 წელს, აღნიშნულია, რომ:

  • დათვი და ირემი მოიხმარენ სამედიცინო მცენარეებს;
  • კენიაში სპილოები გარკვეული მცენარეების მირთმევით აჩქარებენ მშობიარობის პროცესს;
  • ხვლიკები მიირთმევენ შხამსაწინააღმდეგო ფესვებს, გველის ნაკბენის სამკურნალოდ;
  • წითელი და მწვანე ფერის თუთიყუში არას სახეობები მიირთმევენ თიხას, რაც ამშვიდებს მათ გადამამუშავებელ სისტემას და კლავს ბაქტერიებს;
  • ბრაზილიაში მდედრი მარიკები (ობობისმაგვარი მაიმუნები) ნაყოფიერების გასაზრდელად მიირთმევენ გარკვეულ მცენარეებს.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მკურნალობის ხერხებს ყველაზე კარგად, შესაძლოა, პრიმატები იცნობდნენ. შიმპანზეები, გორილები და ბონობოები (ჯუჯა შიმპანზე) ხშირად შეუმჩნევიათ სხვადასხვა მცენარის ფოთლების პირდაპირ გადაყლაპვის პროცესში. ეს მცენარეები მათ გადამამუშავებელი ტრაქტის პარაზიტებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. შიმპანზეები, რომლებსაც ჭიები აწუხებთ, მათგან განსათავისუფლებლად საშინელი გემოს მქონე მცენარეებს მიირთმევენ.

არაერთი ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის ისეთებიც, როგორებიცაა ბეღურა და ზოგიერთი მუხლუხო, მიირთმევენ მცენარეებს პარაზიტებისგან განთავისუფლების ან მათი მოგერიების მიზნით.

ჭიანჭველების ერთ-ერთი სახეობა იყენებს ნაძვის ფისს, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა. მისი საშუალებით ისინი თავიანთ ბუდეებს მიკრობებისგან იცავენ. მთიულასებრნი და ბეღურები თავიანთ ბუდეში სიგარეტის ნამწვებს დებენ, რაც მათ ტკიპების მოშორებაში ეხმარება.

ცხოველთა მეცნიერება, გამართლება და/თუ ინსტინქტი?

როგორც ვიცით, მეცნიერება არის დაკვირვებებზე და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენაზე დაფუძნებული პრაქტიკა. შესაძლოა, ზემოთ აღწერილი ხერხები წარმოადგენს სწორედ იმ გზას, რომლის საშუალებითაც ცხოველები იკვლევენ გარესამყაროს და საკუთარ თავს. როგორც ფსიქოლოგი რობინ დანბარი უყვება Time-ს, ამ მეთოდის საშალებით ადამიანები და ცხოველები სწავლობენ, თუ როგორ ფუნქციონურებს ბუნება: "მეცნიერება არის უნივერსალური, იგი დამახასიათებელია განვითარებული სიცოცხლის ფორმისთვის".

ცხოველებში სამედიცინო ცოდნა, შესაძლოა, ისეთივე მარტივი შეძენილი იყოს, როგორიც საჭმლის მონელების პრობლემების მქონე ადამიანის, რომელიც უბრალოდ შეჭამს მცენარეს მაშინ, როდესაც რაღაც აწუხებს და ეს მცენარე სრულიად შემთხვევით მას თავს კარგად აგრძნობინებს. ამიტომ, მეორედ, როდესაც ისევ ცუდად გახდება, ისევ იმ მცენარეს მიუბრუნდება. სავარაუდოდ, გარშემო დანარჩენებიც დაინახავენ, თუ რა მოხდა და მიმართავენ ამ ხრიკს კუჭის ტკივილისგან გასათავისუფლებლად. სავარაუდოდ, მათი ნაშიერებიც მშობლების ყურებით სწავლობენ ამ წამლის შესახებ. ჯააპ რუდი ემორის უნივერსიტეტიდან NPR-თან საუბარში აღნიშნავს, რომ "პრიმატები ჩვენგან დიდად არ განსხვავდებიან. მათ შეუძლიათ გაიაზრონ კავშირი სამკურნალო მცენარის მიღებასა და უკეთ ყოფნას შორის და ისინი ამ ინფორმაცის ერთმანეთსაც უზიარებენ".

მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა, ბუნებრივი სელექციის შედეგიც იყოს. ცხოველმა, რომელსაც ბუნებრივი მიდრეკილება აქვს ასეთი მცენარეების მიმართ, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით მიიღოს ეს სამკურნალო მცენარე მაშინ, როდესაც მას მუცელი აწუხებს. შესაბამისად, ეს ინდივიდი გადარჩება და გამრავლდება მაშინ, როდესაც სხვები, რომლებიც მუცლის ტკივილის დროს არ იღებენ ამ მცენარეს, დაიხოცებიან. ამ შემთხვევაში ცხოველი იყენებს მცენარეს სამკურნალოდ იმის ცოდნის გარეშე, რომ იგი მართლაც მკურნალობს მას.

"ხალხს ყოველთვის სჯეროდა, რომ ძალიან ჭკვიანი უნდა იყო იმისთვის, რომ შეძლო საკუთარი თავის მკურნალობა", — ამბობს დე რუდი, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. იგი იშველიებს მაგალითს მონარქი პეპლის შესახებ, რომელიც კვერცხებს დებს პარაზიტ საწინააღმდეგო რძიანაზე. "არ ვიტყოდი, რომ ისინი ამას გააზრებულად აკეთებენ, მაგრამ ისინი ამას მაინც აკეთებენ, ვინაიდან ჯანმრთელი მოანქრები არ აკეთებენ", — ამბობს იგი.

იმის მიუხედავად, თუ როგორ მოქმედებს ეს თვისება, ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია თვალყურის დევნება ამ ცხოველებსა თუ ფრინველებზე — შესაძლოა არსებობდეს ისეთი სამკურნალო მცენარეები და ისეთი წამლები, რომლებიც მათ იციან, მაგრამ ჩვენს ფიზიოლოგებს ჯერ არ აღმოუჩენიათ. როგორც დე რუდი ამბობს, "ცხოველები შეისწავლიან მედიცინას იმაზე დიდი ხნის მანძილზე, ვიდრე ჩვენ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.