ხშირად მოგვისმენია ფრაზა (და ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ), რომ ბუნება მშვენიერია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არაა. მსოფლიოში ათასობით სახეობის ცხოველი არსებობს, რამდენიმე მათგანი კი იმდენად უცნაური და საშიში გარეგნობისაა, რომ მათთვის თვალის შევლება ნამდვილად ღირს, რადგან მათი დანახვის "ბედნიერება" ყოველდღიურად არ გექნებათ.

ამ სტატიაში 10 ასეთ ქმნილებაზე მოგიყვებით, რომლებმაც, შესაძლოა, ძილი დაგიფრთხონ.

1. Neoclinus blanchardi

ფოტო: minutemediacdn.com

Neoclinus blanchardi სხივფარფლიანი თევზია და რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, თითქმის უვნებელია. წყნარი ოკეანის ეს ბინადარი, რომელიც თავისი ტერიტორიის დაცვისას აგრესიული ქცევით გამოირჩევა, ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თავის მასიურ პირს კი ასე მხოლოდ მაშინ ხსნის, როცა მტაცებლის მოგერიებას ცდილობს. სწორედ ეს თავდაცვითი ტექნიკა ხდის მას ასეთ საინტერესოს და, ერთი შეხედვით, საშიშს.

2. Astroscopus guttatus

ფოტო: www.bustle.com

Astroscopus guttatus, იგივე ჩრდილოეთის ვარსკვლავთმრიცხველი კამუფლაჟის მიზნით საკუთარ თავს ქვიშაში იმარხავს. იგი 56 სანტიმეტრს აღწევს და ატლანტის ოკეანეში ჩრდილო ამერიკის სანაპიროებზე ბინადრობს. როდესაც ვარსკვლავთმრიცხველს მსხვერპლი უახლოვდება, იგი მას ელექტროშოკით იმორჩილებს. როგორც ჩანს, არამხოლოდ ამ თევზისთვის შეხედვა, მასთან ახლოს ყოფნაც მტკივნეულია.

3. Architeuthis dux

ფოტო: The What If Show

გიგანტური კალმარი თავიდან არა ნამდვილი, არამედ ადამიანების შეთხზული ზღვის ცხოველი ეგონათ. მეცნიერებმა იგი პირველად 2006 წელს დააფიქსირეს. მათ ეს სახელი შემთხვევით არ ჰქვიათ — მამლები სიგრძეში 10 მეტრს, დედლები კი 12-13 მეტრს აღწევენ. გიგანტური კალმარი მსოფლიოს ყველა ოკეანეში ბინადრობს, უმეტესად კი მას კონტინენტებისა და კუნძულების ფერდობებთან ახლოს ხვდებიან.

4. Idiacanthus atlanticus

ფოტო: scitechdaily.com

საშიში შესახედაობა შავი დრაკონთევზებიდან მხოლოდ დედლებს აქვთ — ამ ერთი შეხედვით არამიწიერ არსებას დანასავით ბასრი კბილები აქვს და ოკეანის ღრმა წყლებში ბინადრობს. იგი საკუთარ სინათლესაც კი წარმოქმნის, რის გამოც მისი ვერ შემჩნევა შეუძლებელია.

5. Eurypharynx pelecanoides

ფოტო: Eurypharynx Pelecanoides

ამ ღრმა წყლების ცხოველს უზარმაზარი პირი აქვს, რომლის საშუალებითაც მსხვერპლის მთელი სხეულის გადაყლაპვა შეუძლია. იგი დიდი ობიექტების ჭამაში იმდენად დახელოვნებულია, რომ მას საკვების დასატევად პირისა და კუჭის გაფართოებაც კი შეუძლია. ეს გველთევზა ადამიანებს ძალიან იშვიათად ხვდება, თუმცა მას ხანდახან სათევზაო ბადეებში პოულობენ ხოლმე.

6. Anoplogaster cornuta

ფოტო: digitalfishlibrary.org

Anoplogaster cornuta ღრმა წყლის თევზების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს, რომლის წარმომადგენლებიც მსოფლიო ოკეანეებში 2 მეტრიდან 5 000 მეტრის სიღრმემდე ბინადრობენ. მას სხეულთან შედარებით არაპროპორციულად დიდი კბილები აქვს, რაც იდეალურ კარცერს ქმნის მსხვერპლისთვის მას შემდეგ, რაც იგი თევზის პირში აღმოჩნდება.

7. Chlamydoselachus anguineus

ფოტო: www.livescience.com

თავისი პრიმიტიული ფიზიკური მახასიათებლების გამო ეს ზვიგენი ცოცხალ ნამარხად მიიჩნევა. მის შესახებ ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ მას კბილების მასიური წყებები აქვს და ჯამში 25 წყებაში 300 კბილია განაწილებული. იგი სიგრძეში ორ მეტრამდე იზრდება და მსხვერპლს გარედან გველივით ეხვევა, ბოჭავს და შემდეგ გემრიელად შეექცევა.

8. Lophiiformes

ფოტო: www.flickr.com

ამ თევზებს ზღვის ეშმაკებსაც უწოდებენ და შავი დრაკონთევზას მსგავსად, საშინელი შესახედაობით მხოლოდ დედლები გამოირჩევიან. თუმცა, მათ გარეგნობაზე კიდევ უარესი ამ თევზების შეწყვილების რიტუალია, რის შემდეგაც მამალი კვდება, იშლება და მისგან დარჩენილი სასქესო ჯირკვლებით დედალი იორსულებს თავს.

9. Bathynomus

ფოტო: www.worldatlas.com

ამ არსებებს შესაძლოა მწერებთან არ ჰქონდეთ ნათესაური კავშირი, მაგრამ ერთი შეხედვით გიგანტურ ხოჭოებს მოგვაგონებენ. ეს მასიური კიბოსნაირები სიგრძეში 30-დან 60 სანტიმეტრამდე იზრდებიან, თუმცა ცოცხალი არსებებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ — ისინი ოკეანის ფსკერზე ცხოვრობენ და ღრმა წყლის ცხოველების გვამებით იკვებებიან.

10. Mitsukurina owstoni

ფოტო: planetdeadly.com

Mitsukurina owstoni, იგივე გობლინი ზვიგენი ღრმა წყლის ცხოველია, რომელიც საშინელ გარეგნობას თავის სასარგებლოდ იყენებს. იგი მსხვერპლის სიახლოვეს სუნით გრძნობს და მას თხელი, ბასრი კბილებით იჭერს. Chlamydoselachus anguineus-ის მსგავსად, გობლინ ზვიგენსაც ცოცხალ ნამარხს უწოდებენ. იგი Mitsukurina ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო ოკეანეებში დღემდე ბინადრობს.

ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ ზღვები და ოკეანეები ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული. ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ღრმა წყლებში უამრავი ისეთი არსება ბინადრობს, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით.