ჰოლივუდის ფილმებმა, როგორებიცაა X-men, Gattaca და Jurassic World, საზოგადოებაში შემოიტანეს ისეთი დამაინტრიგებელი კონცეფცია, როგორიცაა "ჩანასახების გენომის რედაქტირება". ესაა ბიომოლეკულური ტექნიკა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სპერმის, კვერცხუჯრედების ან ემბრიონის დნმ-ის სტრუქტურა. თუ ემბრიონიდან ზუსტად იმ გენს ამოიღებთ, რომელიც გარკვეულ დაავადებას იწვევს, არამარტო ბავშვი გათავისუფლდება მისგან, არამედ მთელი მისი შთამომავლობაც.

მიუხედავად ამისა, ამ ტექნოლოგიას ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს. რთულია ზუსტი პროგნოზირება თუ როგორ განვითარდება ბავშვი მოდიფიცირებული გენით. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ გვიჩვენა, თუ რამდენად დაუცველია ადამიანი ახალი დაავადებების მიმართ. ამან წამოწია კითხვა, ხომ არაა დრო გენების რედაქტირება უფრო დავაჩქაროთ?

გვაქვს კარგი მტკიცებულებები რომ ტექნიკა მუშაობს. მსგავსი კვლევა უკვე ჩატარდა არააქტიური ემბრიონის გარშემო. ამის პარალელურად, 2018 წელს ჩინელმა მეცნიერმა ჰე ჯიანკუიმ განაცხადა, რომ პირველი გენეტიკურად რედაქტირებული ბავშვი დაიბადა. ამას სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო კრიტიკა, მაგრამ ბევრმა ეს მოიწონა კიდევაც.

ადამიანის გენომის რედაქტირება (hGGe) განხორციელდა ნობელის პრემიის ლაურეატი — CRISPR სისტემის გამოყენებით. ესაა ერთგვარი მოლეკულური მაკრატელი, რომელსაც გენების ამოჭრა და ჩასწორება შეუძლია. მკვლევარები თანხმდებიან, რომ მსგავს ტექნოლოგიებს ოდესღაც აუცილებლად გამოვიყენებთ, მთავარია, როდის მოხდება ეს.

2016 წელს, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაუშვა "სამი მშობლის შვილი". რა თქმა უნდა, ეს მოხდა გენეტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც მიტოქონდრიათა ჩანაცვლებითი თერაპია ეწოდება. ესაა არაჯანსაღი მიტოქონდრიების, დონორისგან მიღებული ჯანმრთელი მიტოქონდირების ჩანაცვლების სისტემა.

  • კორონავირუსისგან დაცვა

ამჯერად, მეცნიერები გენომის რედაქტირებას პანდემიის ფონზე განიხილავენ. მაგალითად, CRISPR-ის გამოყენებით, შეგვიძლია მოვახდინოთ გენების ისეთი მოდიფიცირება, რომ კორონავირუსი ჩვენ ორგანიზმში ვეღარ მოხვდეს. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია ადამიანების გენების რედაქტირება, რათა უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი ინფექციებთან ბრძოლაში.

მაგალითად, უკვე მიმდინარეობს CRISPR-ის კლინიკური კვლევები, რაც გულისხმობს კიბოს პაციენტებში გენომის რედაქტირებას, სიმსივნის უჯრედების საწინააღმდეგო იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.

პანდემიამ კიდევ ერთი მწარე რეალობა დაგვანახა — მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის ჯანდაცვის სისტემები არაა საკმარისად აღჭურვილი, რათა ისეთ მოულოდნელ "შოკს" გაუმკლავდეს, როგორიცაა კორონავირუსის პანდემია.

ჯანდაცვის სისტემებზე პანდემიის "შოკი" იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მან სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისთვისაც გაართულა დროული მკურნალობის მიღება.

შესაბამისად, მეცნიერებმა მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების საჭიროება კიდევ უფრო დაინახეს და ის შეიძლება სხვა სერიოზული დაავადებების წინააღმდეგაც გამოვიყენოთ.

უკვე გვაქვს უამრავი ინფორმაცია, რაც მიგვანიშნებს გარკვეულ გენურ მუტაციებზე, მაგალითად, ქალებში BRCA2 გენი ზრდის კიბოს განვითარების ალბათობას. ეს დაავადების გენეტიკური კერები უზრუნველყოფს hGGe თერაპიის პოტენციურ მიზნებს.

ამ ყველაფრიდან გამოსავალი, შეიძლება, გენების რედაქტირება იყოს.

  • კლიმატის ცვლილება და მალარია

კორონავირუსის პანდემია შეიძლება დასაწყისი იყოს იმ კრიზისის, რასაც კლიმატის ცვლილება მოიტანს.

გაეროს მთავრობათაშორისი სამეცნიერო პოლიტიკის პლატფორმა (IPBES) ხაზს უსვამს მკაფიო კავშირს გლობალურ პანდემიებსა და კლიმატის ცვლილებას შორის.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბიომრავალფეროვბნების ცვალებადობამ, შეიძლება, ახალ, კიდევ უფრო მწვავე პანდემიებს აუნთოს მწვანე შუქი.

საქმე მხოლოდ ახალ ვირუსებს არ ეხება. ჩვენი გლობალური კლიმატი იცვლება, რამაც შეიძლება აქამდე უკვე არსებული დაავადებების გადაცემის სიჩქარე გაზარდოს. მაგალითად, თუ მალარია იმ ადგილებში დაიწყებს გააქტიურებას, სადაც მისთვის მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემებია, ეს შეიძლება ძალიან საშიში იყოს.

თუმცა, არსებობს მალარიისგან ადამიანების დაცვის გზა — ესაა ანემიის გენი. ამ გენის ერთი ასლი მალარიისგან გვიცავს. თუმცა, თუ ასეთ ორ ადამიანს ეყოლება შვილი, ბავშვს შეიძლება უჯრედული ანემია განუვითარდეს. ეს აჩვენებს, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს გენის რედაქტირება — თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ გენები, რომ დაიცვათ მოსახლეობა ერთი დაავადებისგან, მაგრამ პოტენციურად, შეიძლება წარმოქმნათ მეორე.

დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მემკვიდრეობითი გენომის რედაქტირება ჯერ არ არის იმ დონეზე, რათა ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხო იყოს. თუმცა, კვლევები კვლავ გრძელდება.

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო, ამჟამად, მზად არ არის მსგავსი ტექნოლოგიის პოტენციალის ბოლომდე გამოყენებისთვის. პროგრესი არის, მაგრამ ის არც ისე სწრაფია, რომ უახლოეს დღეებში ამ ტექნოლოგიის ყოველდღიურობაში მოხმარებას ველოდოთ. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ადრე თუ გვიან, ეს ტექნოლოგიები საბოლოოდ მაინც გამოჩნდება და კაცობრიობას დაავადებების პრევენციაში აუცილებლად დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესების დაჩქარება შეიძლება ზუსტად ისეთმა კრიზისმა გამოიწვიოს, როგორიც ეს კორონავირუსის პანდემიაა.

ამავე თემაზე: