NASA–მ ოფიციალურად გამოაცხადა ამერიკელი ასტრონავტების პირველი გუნდი, რომელიც Artemis–ის პროგრამის ფარგლებში, მთვარეზე გაემგზავრება. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ეროვნული კოსმოსური საბჭოს შეხვედრის დროს, რომელიც გაიმართა კენედის კოსმოსურ ცენტრში. შეხვედრის თავმჯდომარე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი — მაიკ პენსი იყო. შეგახსენებთ, რომ NASA-ს არტემისის პროგრამა მიზნად ისახავს 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე გაგზავნას.

კოსმოსური სააგენტო პროგრამის მონაწილეებს: ჯო აკაბას, კაილა ბარრონს, რაჯა ჩარს, მეთიუ დომინიკს, ვიქტორ გლოვერს, უორენ ჰობურგს, ჯონი კიმს, კრისტინა კოხს, კიელ ლინდგრენს, ნიკოლ მანის, ენ მაკლაინს, ჯესიკა მეირს, ჯასმინ მოგბელიმს, ქეით რუბინს, ფრენკ რუბიოს, სკოტ ტინგლს, ჯესიკა უოტკინს და სტეფანი ვილსონს — არტემისის პროგრამის პირველ თაობას უწოდებს.

პროგრამის მონაწილეთა უმეტესობამ უკვე გაატარა დრო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მაგალითად, ვიქტორ გლოვერი ამჟამადაც კოსმოსურ სადგურზე იმყოფება — მას შემდეგ რაც SpaceX- ის Crew Dragon კოსმოსური ხომალდის პირველი წარმატებული ეკიპაჟირებული ფრენა განხორცეილდა. თუმცა, დასახელებული გუნდის თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ არ გაფრენილა კოსმოსში.

პირველი მისია, Artemis 1 მოიცავს ცარიელი ორიონის კაფსულის გაგზავნას მთვარეზე 2021 წელს. შემდეგი მისია პილოტირებული Artemis 2-ია. ის დაგეგმილია 2023 წელს და მოიცავს ფრენას მთვარისკენ და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნებას. ხოლო პირველი სადესანტო მისია — Artemis 3 დაგეგმილია 2024 წლის ოქტომბერში. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ტექნიკური მოცემულობებიდან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ყველა ეს თარიღი, სავარაუდოდ, შეიცვლება.