გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ცოლი, სანდრა რულოვსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმედ დასახელდა. ამის შესახებ DW-ს რუსულმა ბიურომ 9 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრა.

როგორც DW-ს კორესპონდენტი, ვლადიმირ ესიპოვი ამბობს, მკვლელობის დღეს რულოვსი ბერლინში იყო და ხანგოშვილი მასთან შეხვედრას გეგმავდა. მისივე თქმით, გერმანელმა გამომძიებლებმა რულოვსი ვერ დაითანხმეს, ბერლინში ჩასულიყო, ამიტომ ის ტელეფონით გამოჰკითხეს. ესიპოვის განმარტებით, არც საუბრის შინაარსი და არც ხანგოშვილთან შეხვედრის მიზეზი სასამართლოში არ გაჟღერებულა.

ხანგოშვილის საქმესთან რულოვსის კავშირზე ჰკითხზეს მიხეილ სააკაშვილსაც. როგორც მან გადაცემა საჯარო პოლიტიკაში, ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ თუ შეუძლიათ, გამოძიებას დაეხმარებიან. რაც შეეხება კითხვას, ჩავა თუ არა რულოვსი ბერლინში, სააკაშვილმა უპასუხა:

"არ ვიცი, თქვენგან გავიგე ახლა. ჩვენი შვილი ცხოვრობს ბერლინში, არ მგონია, ეგ პრობლემა იყოს… თუ დახმარება შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს ამ გამოძიებას".

ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

გერმანიის პროკურატურის განცხადებაში მკვლელობაში ბრალდებულის გვარს არ ამბობენ და მხოლოდ ვადიმ კ.-თი მოიხსენიებენ. 2019 წლის დეკემბერში Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვადიმ კრასიკოვი ჰქვია, ხოლო გერმანიაში ის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.

გერმანიის საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, დავალების შესასრულებლად ვადიმ კრასიკოვი 17 აგვისტოს მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, იქიდან კი 20 აგვისტოს ვარშავაში გადავიდა. პოლონეთიდან ის უცნობი მარშრუტით ბერლინში 22 ივნისს გაემგზავრა. შენგენის ზონაში შესვლისთვის მან ვადიმ სოკოლოვის პასპორტი გამოიყენა, რომელიც ბრიანსკში რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაიცა.

23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა, ხოლო როცა მიუახლოვდა Glock 26-ის ტიპის იარაღიდან ესროლა. როგორც პროკურატურა აღწერს, ხანგოშვილი მიწაზე დაეცა, ველოსპიდიდან ჩამოვარდა ბრალდებულიც, თუმცა მალევე მიუახლოვდა ხანგოშვილს და თავში კიდევ ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკვლელობაში რუსულ კვალს ხედავს. უწყების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება გასცეს.

რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის ლიკვიდაციაში თანამონაწილეობას უარყოფს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას "ბოევიკს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებაში იყო დამნაშავე. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიისგან ხანგოშვილის გადაცემას მოითხოვდა. გერმანია კი ამას უარყოფს.