იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების წესი იცვლება. როგორც ჯანეზაშვილის ფეისქბუზე წერს, იუსტიციის საბჭოს უკან დახევა მოუწია.

"რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე პოსტი, სადაც ვსაუბრობდი იმაზე რომ გვრიტიშვილმა, რომელიც თავად არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დაწერა დადგენილების პროექტი გასაუბრების წესის შესახებ. ჩემი მხილების გამო მათ უკან დახევა მოუწიათ! გარდა ამისა, გვრიტიშვილი დღევანდელ სხდომასაც არ ესწრებოდა (მე კი ძალიან მაინტერესებდა მისი არგუმენტები)", — წერს ჯანეზაშვილი.

მოსამართლეობის 50 კანდიდატთან გასაუბრება ხვალიდან, 10 დეკემბრიდან დაიწყება. საბჭოს წევრები დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრებიან.

როგორც ჯანეზაშვილი წერს, გასაუბრება შემდეგი წესებით გაიმართება:

  • უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრების პირდაპირი ტრანსლაციის საშუალება იქნება (როგორც ეს იყო ადრე, სხდომის გარეთ მონიტორის მეშვეობით);
  • გასაუბრების დრო საბჭოს ერთი წევრისთვის 1 საათამდე გაიზარდა;
  • საბჭოს წევრის კითხვების შინაარსს აღარ გააკონტროლებენ სხვა წევრები.
  • პანდემიის გამო გასაუბრება გასაუბრება ჩატარდება უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში.

დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე შეზღუდვებს აწესებდა. კერძოდ, ახალი დადგენილების თანახმად, რომელსაც საბჭო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებით ხსნის, საჯარო მოსმენაზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდებოდა.

მათ შორის, იზღუდებოდა მედიის წარმომადგენლების უფლება გადაეღოთ ეს პროცესი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მედიის მიერ ვიდეო და ფოტოგადაღება მხოლოდ საჯარო მოსმენის დაწყებისას იქნებოდა დაშვებული. გარდა ამისა, მცირდებოდა გასაუბრებისას კითხვა-პასუხის დროც და თითო კანდიდატისთვის 30 წუთი იქნებოდა გამოყოფილი.

ამასთან, განისაზღვრა საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვებიც, რომელიც უნდა დაქვემდებარებოდა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესით კანდიდატთა შეფასების მიზნით საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, თუ საბჭოს წევრის მიერ კითხვის დასმა ამ მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით განსაზღვრულ წესს დაარღვევდა, საბჭოს სხვა წევრს უფლება ექნებოდა გამოეთქვა პროტესტი და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნებოდა შეკითხვის ინიციატორისთვის შენიშვნა მიეცა.