კორონავირუსის გავრცელების შეკავებისთვის 2021 წლის 8 იანვრიდან უკრაინაში "ლოქდაუნი" ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

"სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ დადებით ტენდენციებს. 2020 წლის ბოლომდე 3 კვირაა დარჩენილი და მთავრობამ გადაწყვიტა, ამ პერიოდში მკაცრი კარანტინი არ შემოიღოს", — განაცხადა შმიგალმა.

კარანტინი 24 იანვრამდე იმოქმედებს. მუშაობას შეაჩერებენ კინოთეატრები, სპორტდარბაზები, სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო მაღაზიები. კაფე-რესტორნები კი გატანის სერვისზე იმუშავებენ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში არდადეგები გამოცხადდება, ხოლო სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება.

9 დეკემბრის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 868 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიის განმავლობაში 14,7 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.