იაპონია დაწყვილების ფუნქციის გასაუმჯობესებლად ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისთვის დაფინანსების გაზრდას აპირებს. შექმნილი ფუნქცია ქვეყნის მოქალაქეებს გულის სწორის პოვნაში დაეხმარება.

მომდევნო წლიდან ადგილობრივი მთავრობებისთვის 2 მილიარდი იენი ($19 მილიონი) გამოიყოფა, რათა მათ შობადობის გაზრდას ხელი შეუწყონ. დაფინანსება ხელისუფლებებს საშუალებას მისცემს, დაიწყონ ან განაგრძონ უკვე შექმნილი პროექტები ხალხის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დასაწყვილებლად.

ამ ყველაფრის მიზეზი იაპონიის დემოგრაფიული მდგომარეობაა — შარშან ქვეყანაში დაბადებული ახალშობილების რაოდენობა 865 ათასამდე დაეცა, რაც რეკორდულად დაბალი რიცხვია. ყველაზე სწრაფად დაბერებადი ერი უკვე წლებია, დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს. ახლადშექმნილი პროექტიც ამის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა.

"განსაკუთრებით ვგეგმავთ ადგილობრივი მთავრობებისთვის დაფინანსების გაზრდას, რათა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დახვეწონ დაწყვილების სისტემები", — ამბობს ხელისუფლების წარმომადგენელი, — "ვიმედოვნებთ, ეს შობადობის მაჩვენებლის კლებას გამოასწორებს".

იაპონიის არაერთ პროვინციაში უკვე მოქმედებს დაწყვილების სერვისი, რომელიც ადამიანების მიერაა შექმნილი, თუმცა ნაწილში გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, რათა მომხმარებლის მონაცემები უფრო დეტალურად დამუშავდეს სისტემაში და პარტნიორიც ზუსტად მოიძებნოს.

არსებული ტექნოლოგია სწორედ სიზუსტის გამო ქმნის პრობლემას — იგი მხოლოდ ერთნაირი კრიტერიუმების — მაგალითად, ასაკის და შემოსავლის — შესაბამისობის შემდეგ აწყვილებს ადამიანებს. სისტემა კი, რომლის შესაქმნელადაც იაპონიის მთავრობამ ფული არ დაინანა, დაწყვილებამდე მხედველობაში მიიღებს ისეთ ფაქტორებს, როგორიც ჰობი და ღირებულებებია.

იაპონიის დემოგრაფიული მდგომარეობის სტატისტიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში: ლურჯი ხაზით შობადობის, წითლით კი — სიკვდილიანობის მონაცემებია ასახული.

ფოტო: Wikipedia / Creative Commons

იაპონიის დემოგრაფიული მდგომარეობა კი თვალსაჩინოდაა ასახულია პროგნოზზე — მატება-კლების ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში 128-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობა საუკუნის მიწურულს 53 მილიონამდე შემცირდება.

მკვლევრების ნაწილი ამას სახელმწიფოს მიდგომებსაც უკავშირდებს, რადგან ანალიზი აჩვენებს, რომ იაპონიაში დასაქმებული დედებისადმი ხელშეწყობის ნაკლებობაა — აქ მოელიან, რომ ქალები საშინაო საქმეებს და ბავშვის აღზრდას მუშაობას შეუთავსებენ. მთავრობის განცხადების მიუხედავად, რომ მათ სრულ განაკვეთზე მომუშავე ქალების მხარდაჭერა სურთ, გენდერული სხვაობა ბოლო წლების განმავლობაში თვალშისაცემია. 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიში მიუთითებს, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით იაპონია 153 ქვეყნიდან 121-ე ადგილზე იმყოფება, რაც 2018 წლის მონაცემს 11 პოზიციით ჩამორჩება.