"ან ბოლომდე გაგიჟდა, ან გუშინ ბიძინამ დაიბარა და ბოლომდე დაძაბეთო, დაავალა, ან ორივე", — ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერიგ კაპანაძე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს.

"აი, ამ არაადეკვატურების ხელშია ქვეყნის ბედი. აი, ამ ყველაფრის შემდეგ ამ პარლამენტში შესვლა, როგორი სიგიჟეა, ხვდებით ხომ?" — წერს კაპანაძე ფეისბუქზე.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ მმართველ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ორ კონსტიტუციურ ცენზს — არ არის საქართველოს მოქალაქე და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროებით საგამოძიებო კომისიას შექმნის.

კიდვე ერთი საკითხი მანდატებსა და დაფინანსებას შეეხება. კობახიძის თქმით, უმრავლესობა საპარლამენტო მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომელიც "არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს" და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას. ამასთან, სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

ამავე თემაზე: