ვარშავის მთავარმა სახანძრო სკოლამ ქართულ მხარეს მეხანძრე მაშველების მრავალფუნქციური სასწავლო ტრენაჟორით მომზადების სახელმძღვანელო გადასცა. დამხმარე სახელმძღვანელო შსს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოსთვის შეიქმნა.

პროექტი 2019-2020 წლებში ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლისა და სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. მას მხარდაჭერას პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს, რომელმაც მოახდინა "თანამშრომლობა განვითარების მიზნით" პროგრამის ინიცირება.

ფოტო: Polish FS

ფოტო: Polish FS

აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს საქართველოში მეხანძრე-მაშველების მომზადების სისტემის განვითარებას. სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: პრაქტიკული მეცადინეობისთვის აღჭურვილობის შერჩევა, უსაფრთხოდ გამოყენების პრინციპები და პირობები, სწავლების ჩატარების პრინციპები, მეხანძრე-მაშველების მომზადების პროცესში მრავალფუნქციური ტრენაჟორის გამოყენების შესაძლებლობები.

ფოტო: Polish FS

ფოტო: Polish FS

"თანამშრომლობა განვითარების მიზნით" პროგრამის მთავარი მიზანია გაიზარდოს სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნის ეფექტიანობა. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია ინსტრუქტორების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებით, რომლებიც, თავის მხრივ, დამოუკიდებლად შეძლებენ მეხანძრე-მაშველების მომზადებას და შესაბამისად, მათი მზადყოფნის გაუმჯობესებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს სასწავლო ცენტრის განვითარების ხელშეწყობას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავდა პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელიც მოიცავს ხანძრის ლიკვიდაციისა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარების სხვადასხვა მეთოდს. პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული პროგრამით მომზადდნენ მეხანძრე-მაშველები.

ფოტო: Polish FS

ფოტო: Polish FS

პოლონურმა მხარემ შსს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოსს ასევე სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა. მათ შორის არის: სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალება — 14 კომპლექტი; სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალების სტატიკური შემოწმების ხელსაწყო — 1 ცალი; დაზარალებულის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის ნიღაბი — 2 ცალი; მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორი — 1 კომპლექტი; კვამლგამდევნი — 2 კომპლექტი; ბენზოხერხი — 1 ცალი; რკინა-ბეტონის ბენზო საჭრელი წყლის ავზით - 1 კომპლექტი; შიდაწვის ძრავზე მომუშავე წყლის ტუმბო შემწოვი სახელოთი — 1 კომპლექტი; ელექტრო ძაბვის დეტექტორი — 1 ცალი; გადამყვანი 52/25 — 4 ცალი; გადამყვანი 75/52 — 4 ცალი; აალებადი აირების დეტექტორი — 1 ცალი; სამაშველო სამფეხა დამატებითი აღჭურვილობით — 1 კომპლექტი; პორტატული რადიოსადგური — 8 კომპლექტი; სამკაპი — 1 ცალი; გადასატანი ლაფეტის ლულა — 2 კომპლექტი.