ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის შეკრებისთანავე უმრავლესობა დააინიცირებს საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, ამ კომისიაში მოიწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს.

"პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს. მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულები ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი, ხაზს ვუსვამთ, 1%-იანიც კი გადახრა ქართული ოცნების სასარგებლოდ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1%-იც კი არ იქნება, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს", — განაცხადა კობახიძე.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს.

"საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება", — ამბობს ის.