ქართული პოლიტიკური პროცესები თანმიმდევრულობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა ბოლო 40 დღეა, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ვერც პოლიტიკოსებმა და ვერც მოქალაქეებმა გაიგეს, რა ხდება, რისთვის და რა შედეგი ექნება მიმდინარე მოვლენებს. ოპოზიცია და ხელისუფლება ტრიბუნას ერთმანეთის კრიტიკისთვის იყენებს, თუმცა ვერც ერთი მათგანი ახერხებს ზუსტი და დროული პასუხი გასცეს საზოგადოების კითხვებს:

  • რას განიხილავენ მოლაპარაკებებზე?
  • ჩატარდება ხელახალი არჩევნები?
  • როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი?
  • მიიღებენ თუ არა დაფინანსებას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიები?
  • ნამდვილად დარჩება ყველა პარტია ბოიკოტის რეჟიმში?

როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, გაურკვევლობის მიზეზი ის არის, რომ ფასილიტატორებთან შეთანხმება დადეს, არ გაამჟღავნონ მოლაპარაკების დეტალები, რადგან, შესაძლოა, საზოგადოების ზეწოლამ ვინმეს აზრი შეაცვლევინოს. ამომრჩევლები კი მოლოდინის რეჟიმში არიან, სანამ მათი არჩეული პარტიების ლიდერები უკვე მზა გადაწყვეტილებას შესთავაზებენ.

მოვლენების აღქმას ართულებს ისიც, რომ სიტუაცია მუდმივად იცვლება. მაგალითად, თუ ერთ დღეს ვიცით, რომ მმართველ გუნდს არაფერი აქვს სალაპარაკო ოპოზიციასთან და არც მათი ხილვა სურს პარლამენტში, მეორე დღეს ტონი იცვლება; თუ ერთ დღეს ვიცით, პარლამენტში შესვლას მთელი ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ ზოგიერთი — ნაკლებად; ან თუკი გუშინ ვიცოდით, რომ ქართული ოცნება მზად იყო, დალოდებოდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს და არ შეეწყვიტა მათთვის მანდატი, დღეს გავიგეთ, რომ პირიქით, სურვილი აქვთ მალევე დააკმაყოფილონ "მეამბოხეების" ეს მოთხოვნა.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რა და რატომ შეიცვალა ერთ ღამეში, რა გადაწყვიტა მმართველმა გუნდმა და რას ფიქრობენ ამაზე ოპოზიციაში, დღეს გაჟღერებული პოზიციები შევაჯამეთ.

რა გავიგეთ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან

ქართული ოცნების პოზიცია 4-რაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. ბოლო ორი კვირის განცხადებებთან შედარებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კობახიძე "ფორმაში დაბრუნდა" და ოპოზიციისადმი "რადიკალურად" კრიტიკული ტონიც დაიბრუნა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ ბრიფინგზე 10-წუთიანი განცხადების წაკითხვისას მან ოპონენტები "რადიკალურ ოპოზიციად" 15-ჯერ მოიხსენია.

"მოლაპარაკების დაწყების საფუძველი გახდა რადიკალური ოპოზიციის შანტაჟი პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით", — განაცხადა კობახიძემ ბრიფინგის დასაწყისში და ძალიან დიდი დრო დაუთმო იმაზე საუბარს, რომ "ქუჩის ოპოზიციას" საბოტაჟის გეგმა და რევოლუციური სცენარი აქვს, რომელიც არ გამოუვა, რადგან ქართული ოცნება დემოკრატიის სადარაჯოზე დგას.

ქართული ოცნება არ დაუშვებს რადიკალური ოპოზიციის ამბოხს, რისი რესურსიც მათ, ბუნებრივია, არ აქვთ

ირაკლი კობახიძე

კობახიძემ ოპოზიცია ისევ გააკრიტიკა იმის გამო, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ "კონკურენტუნარიანად და თავისუფლად" შეფასებულ არჩევნებს არ აღიარებენ და მეორე დღესვე გამოვიდნენ ქუჩაში "ჯერ კიდევ დაუსრულებელი არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად". მეტიც, ისინი ანტიდასავლურობაში, ელჩებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებზე თავდასხმასა და რბილი ძალის გამოყენებაშიც დაადანაშაულა.

თუმცა, კრიტიკის და მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაზე ბრალდებების პარალელურად, კობახიძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციაც გააჟღერა:

  1. მოლაპარაკებების კიდევ ერთი, ბოლო რაუნდი გაიმართება;
  2. გადაიფიქრეს და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციონერებს მანდატებს შეუჩერებენ;
  3. ამავე პარტიებს დაფინანსებას შეუწყვეტენ, რისთვისაც კანონპროექტს დააინიცირებენ;
  4. არჩევნების შედეგების შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება;
  5. მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ან/და ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას შეუზღუდავს.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ბრიფინგის განმავლობაში კობახიძე ოპოზიციას აკრიტიკებდა, მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებდა, მაინც აქვს იმედი, რომ კომპრომისს იპოვიან. მისი თქმით, ბოლო რაუნდს ხვალ ან ზეგ უნდა ველოდოთ.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრისას ოპოზიციამ ულტიმატუმი გააჟღერა და ამ ფორმით ხელოვნურად სცადეს პოლიტიკური კრიზისის შექმნა.

"მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან", — აღნიშნა მან.

ამის პარალელურად კი თქვა ისიც, რომ დისკუსიები "ძალიან საინტერესო" იყო და იმედი აქვს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ცვლილებებს შეჯერებული პოზიციით მიიღებენ. მანვე აღნიშნა, რომ განურჩევლად იმისა, რა შედეგით დასრულდება შეხვედრები, საარჩევნო რეფორმას მაინც გაატარებენ.

"ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, ქართული ოცნება იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ. [...]

დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ იმიტომ, რომ ეს არის პირობა, რომელიც ჩვენ დავდეთ ელჩების თვალწინ. მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე ორი სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის არჩევნების ადმინისტრირება და საარჩევნოს სიტემის საკითხები სხვადასხვა ტიპის არჩევნებისთვის. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ინიცირებული, წარდგენილი ოპოზიციის წინაშე და იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება".

ერთ დღეში შეცვლილი გადაწყვეტილება და მანდატების შეჩერება

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ყველაზე უცნაური და მოულოდნელი, რაც ამ ბრიფინგზე გავიგეთ, ქართული ოცნების მხრიდან ერთ ღამეში შეცვლილი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუშინ მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობდა, რომ კარგად ეფიქრა ბოიკოტზე და აპირებდა, არ შეეჩერებინა მათთვის უფლებამოსილება განცხადების მიღებისთანავე. კობახიძე ამბობდა, რომ გადასაფიქრებლად და პარლამენტში შესასვლელად დეპუტატებს 4 წელი ჰქონდათ. ოპოზიციამ არა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ გადაიფიქრა.

"გუშინ რაც ვთქვით, იმის საწინააღმდეგო განცხადებას ვაკეთებ დღეს, შევიცვალეთ პოზიცია. გუშინ ვამბობდით, რომ ანტიშანტაჟის მექანიზმს გამოვიყენებდით, რომელიც კონსტიტუციაში არის ასახული და დეპუტატებს არ შევუწყვეტდით უფლებამოსილებას, თუმცა დღეს, როცა გადავხედეთ საერთო სურათს და ვნახეთ, რა ზრახვები ამოძრავებს ოპოზიციას, მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება", — აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვების შემდეგ კობახიძეს დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია იმაზე, თუ რა გახდა გადაფიქრების მიზეზი. მან ორი მიზეზი დაასახელა: "ამბოხების სცენარი" და "საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმა".

"საუბარი იყო იმაზე, რომ უფლებამოსილება არ შეუწყდებოდა არავის და ნებისმიერი დროის განმავლობაში, 4 წლის მანძილზე, შეძლებდნენ შესვლას. შეიცვალა ის, რომ გამოიკვეთა ამბოხის ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარეს. ამიტომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთისგან. თუ ის პარტიები, რომლებიც არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები, ამბობენ უარს მანდატებზე, ძალიანაც კარგი. ეს მოთხოვნა მათ დაუკმაყოფილდებათ პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც არ არიან ამბოხის სცენარის მონაწილეები და არ იქნებიან მონაწილეები, არ წარმოადგენენ ასეთ განცხადებას. მარტივად იმიჯნება, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მარტივად იკვეთება ზღვარი ასეთ პოლიტიკურ პარტიებს შორის", — განაცხადა მან.

დაფინანსების შეწყვეტა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის

გარდა ზემოთაღნიშნული "სასჯელისა", მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს სხვა საპარლამენტო პრივილეგიებიც წაართვას. კერძოდ, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილნი.

"კანონში შევა ცვლილება, რომლის საფუძველზეც ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, ვერ მიიღებენ დაფინანსებას. აქ სამართლებრივი ლოგიკა არის ძალიან მარტივი: კონკრეტული ხმების საფუძველზე და კონკრეტული საქმიანობისთვის იღებენ დაფინანსებას, ანუ პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან ეს დაფინანსება და, ასევე, არის დაკავშირებული იმ საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობას.

თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე და არ ცნობს ამ ხმებს ლეგიტიმურად და მეორე, თუ ის უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც არის პარტიული მუშაობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, ასეთ შემთხვევაში, ასეთ პარტიას არ აქვს უფლება, მიიღოს დაფინანსება და ეს არის სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი".

საგამოძიებო კომისია არჩევნების შედეგების შესასწავლად

იმის მიუხედავად, რომ ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პარლამენტი მრავალპარტიული ვერ იქნება, ქართული ოცნება აპირებს, 2020-ის არჩევნების კანონიერება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება

ირაკლი კობახიძე

როგორც ჩანს, კომისია მხოლოდ მმართველი გუნდისგან, ან დამატებით რამდენიმე პარტიისგან დაკომპლექტდება, რომლებიც, სავარაუდოდ, პარლამენტში შევლენ. თუმცა ამაში მმართველ გუნდი პრობლემას ვერ ხედავს — კობახიძის მტკიცებით, კომისიის ერთდღიანი მუშაობაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები არ გაყალბდა.

"კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის ,დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულნი ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით", — განაცხადა მან.

კომისიის შექმნას თან ახლავს ორი სიახლე: არჩევნების უკვე გამოცხადებულ შედეგებთან 1%-იანი ცდომილების დადგენის შემთხვევაში, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, ირაკლი კობახიძე კი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლის პირობას დებს.

"თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, ხაზს ვუსვამთ, ერთპროცენტიანი გადახრაც კი, ქართული ოცნების სასარგებლოდ (დარწმუნებული ვართ, რომ გადახრა 0,1 პროცენტიც კი არ იქნება), ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას".

კანონპროექტი სააკაშვილისა და ენმ-ს წინააღმდეგ

ფოტო: Unian

და ბოლოს, ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არსებობა მისთვის დიდი დისკომფორტის შემქმნელია, ამიტომ მისი "კანონიერად მოშორება" გადაწყვიტა.

"ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ხალხისგან მოპარული ფულით და ამავე ფულით შექმნილი სამი ტელევიზიით ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ ცენზს — ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება.

მიუხედავად ამ გარემოებისა, სამწუხაროდ, ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია. თუმცა ამისათვის უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თავადაც უამრავი სირთულის წინაშე დგანან, ჩვენ ვერ გავაკრიტიკებთ. საკითხის მოგვარება და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ჩვენი ვალია", — აღნიშნა მან და ისიც განმარტა, თუ როგორ აპირებენ "ვალის აღსრულებას" — ახალი კანონპროექტით.

"ახალი მოწვევის პარლამენტში დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს არამხოლოდ კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაშიც".

ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ან მიხეილ სააკაშვილი ვეღარ შეძლებს პოლიტიკურ პროცესებში დისტანციურად ჩართვას, ან ნაციონალური მოძრაობას, რომლის დამაარსებელი და ლიდერიცაა სააკაშვილი, საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებენ, რაც პრაქტიკულად, პარტიის საქმიანობის შეჩერებას ნიშნავს.

ქართული ოცნება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტი და ამ ფუნქციას ჩვენ მომავალშიც შევასრულებთ

ირაკლი კობახიძე

რას ფიქრობს ოპოზიცია

საზოგადოებისთვის არახალია, რომ ოპოზიცია ხან ერთმანეთს ებრძვის, ხან კი ერთიანი ძალებით უტევს მმართველ გუნდს. ამ დროს პოლიტიკური ლიდერები ივიწყებენ აზრთა სხვადასხვაობას და პირად უთანხმოებასაც კი და ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. თუმცა, ასეთ დროსაც ჩნდება საკითხები, რომელზეც ერთიანი პოზიციის არქონის გამო, ოპოზიცია მმართველი გუნდის ნაცვლად, ერთმანეთს აკრიტიკებს. ასე მოხდა ახლაც, როცა გაჩნდა ეჭვი, რომ რამდენიმე პარტია პარლამენტში შევიდოდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ამ დრომდე დაუზუსტებელია, ვის შეიძლება ველოდოთ მმართველ გუნდთან ერთად პარლამენტში, ბრალდებებსა და თავის მართლებებში მხოლოდ ეჭვების ამარა დავრჩით. ფაქტი მხოლოდ ერთია — ოპოზიციის ერთობას ბზარი გაუჩნდა. შესაბამისად, მმართველი გუნდის დღევანდელ განცხადებებზეც რეაქციები სხვადასხვა იყო — გვესმოდა როგორც კრიტიკა, ასევე, "უკან დახევად" შეფასება.

ქართული ოცნების განცხადება ნაციონალურმა მოძრაობამ მოლაპარაკების ჩაშლად მიაჩნია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება. ნიკა მელიამ კი ეს განცხადებები ოპოზიციის მოსყიდვის მცდელობად შეაფასა.

მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დახლი გახსნა და კიდევ ერთხელ გამოაგზავნა გზავნილი: მაქვს ფული. გინდათ ფული — მოდით, ვისაც ღირსება გაქვთ და პრინციპების ერთგული ხართ, ნუ მოხვალთ

ნიკა მელია

დღევანდელი დღე უხვი იყო ეპითეტებითა და შედარებებით. მაგალითად, ენმ-სა და სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ვლადიმერ პუტინის რუსეთის მართვის მოდელს შეადარა. მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილს "ნერვებმა უმტყუნა" და კობახიძის სახელით ღიად თქვა, რომ "ავტორიტარული რეჟიმის დამყარება სურს".

"რეჟიმი, სადაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ჩვენ შემთხვევაში, იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ამ მანიპულირებული ციფრებითაც კი, ამ რეჟიმის ცესკოთი მიიღო 27%, უუქმებენ რეგისტრაციას, არის პუტინის რუსეთის მოდელი მართვის", — განაცხადა ბოკერიამ.

კრიტიკული შეფასებები მოჰყვა დაანონსებული საგამოძიებო კომისიის შექმნასაც. ევროპულ საქართველოში ის "სამ ტანცუეტ სამ პაიოტ" ანუ "თავად მღერის და თავადვე ცეკვავს" ლოგიკას შეადარეს.

"თვითონ გააყალბეს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თვითონვე შეისწავლონ. ეს არის ქართული ოცნების ლოგიკა — "სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ", ამიტომ ამ კომისიისგან არაფერი გამოვა. ეს კომისია იქნება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის უბადრუკი გაპრავების მცდელობა", — განაცხადა გიგი უგულავამ.

ლეიბორისტულ პარტიაში კი ამ ინიციატივას აბსურდი და დიქტატურისკენ მიმავალი გზა უწოდეს და მგლისა და ცხვრის სასამართლოს შეადარეს.

"აბსურდია, რომ, თურმე, თავად ერთპარტიულ პარლამენტში შექმნიან საგამოძიებო კომისიას იმასთან დაკავშირებით, თავად გააყალბეს თუ არა არჩევნები. ეს იგივეა, მგელმა შექმნას სამსჯავრო იმასთან დაკავშირებით, ერჩის თუ არა ცხვარს და მიურთმევია თუ არა ცხვრის ხორცი", — განაცხადა გიორგი გუგავამ.

ლელოში კი თქვეს, რომ საგამოძიებო კომისია არ არის ის საკითხი, რომელზე შეთანხმების საფუძველზეც პარლამენტში შევლენ. რაც შეეხება დაფინანსების შეჩერებას, როგორც ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-თან აღნიშნა, ეს იქნება დაპირისპირებისა და კონფრონტაციის გაღრმავება და მორიგი შეცდომა, რომელიც ოპოზიციაზე მეტად მმართველ გუნდს დააზიანებს.

დაფინანსების შეწყვეტის საკითხს შანტაჟი უწოდეს სტრატეგია აღმაშენებელში. როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, ეს მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაა. მისივე თქმით, "ოცნების" ახალი შეთავაზებები ვერ იქნება იმის საპირწონე, რაც ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდაზე მიიტანა. რაც შეეხება მანდატზე უარის თქმის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც ბოლო ორი დღეა ენმ-სთან დაპირისპირების საგანი გახდა, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

"ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად", — განაცხადა მან.

შანტაჟად შეფასდა დაფინანსებაზე კობახიძის განცხადება პატრიოტთა ალიანსშიც, რომლებსაც ამ მოწვევის პარლამენტის დაფინანსება არ მოუთხოვიათ, რადგან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით ფინანსდებიან. პარტიაში მმართველ გუნდს ურჩიეს, ირაკლი კობახიძე ეკრანს მოარიდონ, რადგან ის აზიანებს მოლაპარაკების პროცესს. თუმცა, ამავდროულად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ აღნიშნა, რომ ისინი შევლენ პარლამენტში, თუ რამდენიმე მოთხოვნა დაკმაყოფილდება. საინტერესო ისაა, რომ თევდორაძის ჩამოთვლილი მოთხოვნები ემთხვევა ირაკლი კობახიძის გაჟღერებულ დაპირებებს.

"ჩვენ იმიტომაც ვმონაწილეობთ მოლაპარაკებების რაუნდებში, რომ ველოდებით ხელისუფლებისგან გონივრულ პოზიციას, რომ გადახედოს თავისი პოზიციები. თუ ხელისუფლებისგან იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ ვადამდელ არჩევნებამდე და ამ არჩევნებისათვის საჭირო იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა, თავისთავად, ცხადია, ასეთ პირობებში ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ მეათე მოწვევის პარლამენტში და ვიმუშაოთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომლებიც საარჩევნო გარემოს უფრო გამჭვირვალეს გახდის", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

რაც შეეხება გირჩს, ჯერ კიდევ გაურკვეველია მათ ოფიციალურ პოზიციად იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილისა და ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებები უნდა ჩავთვალოთ თუ ზურაბ ჯაფარიძის. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაფინანსების შეჩერების საკითხს პარტია ეთანხმება, რადგან აქამდეც წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს დაფინანსება მიეღოთ.

"კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო ამ შემთხვევაში, რომ, ალბათ, ძალიან სერიოზული რამე უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე არასდროს არ ვარ წინააღმდეგი მოლაპარაკებების, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ დროის ხარჯვას, რომ მოვიდეთ და დავსხდეთ, აზრი არ აქვს", — განაცხდა რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, პარტიაში ამბობენ, რომ არსებული პირობებით ამას არ აპირებენ.

"უბარიერო პროპორციული არჩევნების მიღება, არა მხოლოდ ჩემ შესასვლელად, არამედ იმისთვის, რომ მე მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ვთხოვო მათ დახმარება იმ საქმეში, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავითანხმო კოლეგებიც", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სხვებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა პარტია მოქალაქეებს. ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს ოპოზიციასთან უთანხმოება აქვთ. ელისაშვილმა ევროპული საქართველო ოპოზიციის შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში "გაწიკწიკებულ" საარჩევნო წესებსა და ცესკოს რეფორმაზე შეთანხმდებიან. იოსელიანი კი ამტკიცებდა, რომ მმართველმა გუნდმა უკან დაიხია და "წითელი ხაზები" წაიშალა. მანვე მოიწონა "ოცნების" საგამოძიებო კომისიის იდეა.

"მოლაპარაკებას აქვს აზრი. რადგან ვართ ამ პროცესში, ამ პროცესიდან უნდა გამოვიღოთ მაქსიმუმი და ამ მაქსიმუმის ნაწილი, მათ შორის, შეიძლება იყოს ის, რაც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა, მათ შორის კომისია", — განაცხადა იოსელიანმა.

ელისაშვილმა კი თქვა, რომ თუ ციხიდან პოლიტპატიმრები არ გამოვლენ, პარლამენტში არ შევა. ამავდროულად, აღნიშნა ისიც, რომ მანდატის გაუქმებაზე განცხადებას ხელს არ მოაწერს.

"არა, 11-ში არ შევდივარ, შანსი არაა, პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევალ პარლამენტში", — აღნიშნა მან.

დღის ბოლოს ოპოზიციის ნაწილი ლელოს ოფისში შეიკრიბა. შეხვედრას ალეკო ელისაშვილი აღარ დასწრებია. როგორც ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პოზიციები უცვლელია და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. მათი თქმით, 11 დეკემბერს, დაპირებისამებრ, დაწერენ განცხადებას მანდატზე უარის თქმის შესახებ.

"ზეგ ყველანი დავრწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის ქართულ ოცნებაში", — განაცხადა მელიამ.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სავარაუდოდ, ამ დღეს გვექნება საბოლოო პასუხი, იქნება თუ არა ეს პარლამენტი ერთპარტიული.