ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ არჩევნები დარღვევებით წარიმართა, გამოაცხადებენ რიგგარეშ არჩევნებს და თავად დატოვებს თანამდებობას.

"კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით. თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა, ქართული ოცნების სასარგებლოდ და დარწმუნებული ვართ, გადახრა 0.1 პროცენტიც კი არ იქნება, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშ არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. კომისიის მუშაობაში ჩასართავად მიწვეული იქნება ყველა დაინტერესებული სუბიქეტი, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები. საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში ჩართულები.

"საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები სინამდვილეში სრულ თანხვედრაშია საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებთან, რის დადგენასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება", — ამბობს ის.

კობახიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცებს, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს.