ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლით ოპოზიციაში ერთიანობა არ ირღვევა. მისი განცხადებით, ამით უბრალოდ ელისაშვილი ქართული ოცნების მხარეს ეწერება.

"ვერ ვიტყვი, სასიამოვნოა იმის ყურება, როცა ახალაგაზრდა პოლიტიკოსები, რომელთა იმედიც უნდა გვქონდეს და რომლებმაც სტანდარტი უნდა დაამყარონ, რომ რასაც იტყვი იმას ფასი აქვს და გადათქმა არ შეიძლება — ეს ადამიანები ასე იქცევიან. ჩემთვის გულსატკენია ნებისმიერი ერთი ადამიანის გაყიდვა. არ ვამბობ, რომ ვიღაცამ ფული აიღო. ეს არის მორალური ნამუსის უბრალოდ მიყიდვა. სხვა ახსნა არ არსებობს, რის სანაცვლოდ აკეთებს ამას", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმდებიან. მისი თქმით, მხოლოდ ეს რომ მოიპოვოს და პოლიტიკაში სხვა არაფერი გამოუვიდეს, მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნება. Facebook ლაივში მან ასევე აღნიშნა, რომ ფულზე არასდროს გაიყიდება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს შედგა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წინადადებები მხარეებმა პუნქტებად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, იყო პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა მოხდა, თუმცა, დარჩა რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი განწყობა პოზიტიურია და სჯერათ — მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინია.