ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "საბაბს ეძებს", რომ პარლამენტში შევიდეს და ამისთვის ოპოზიციაზე თავდასხმა გამოიყენა. ასე გამოეხმაურა იგი ელისაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ევროპული საქართველო საბოტაჟითაა დაკავებული, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

"ელისაშვილის ბრალდებები, რომ ჯერ ერთი ვითომ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ, რაც არ ყოფილა არასდროს, ძალიან სამწუხაროა. ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად. კიდევ უფრო მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე. მას თუ უნდა რომ შევიდეს, უნდა თქვას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა", — განაცხადა მან.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.