ქალმა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ჩასასვლელად და თავშესაფრის მისაღებად რვა საზღვარი, ორი უდაბნო და ზღვა გადაკვეთა, საკუთარ წარმოუდგენელ მოგზაურობაზე ისაუბრა.

29 წლის ნური იემენიდან გაიქცა, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, და მარტომ დაიწყო მოგზაურობა, გზად კი არაერთი კონტრაბანდისტისა და სხვა სასოწარკვეთილი მიგრანტების კომპანიაში მოუწია ყოფნა. ძალიან უჩვეულოა, რომ ქალი ისეთი ქვეყნიდან, როგორიც იემენია, ამხელა გზას თანმხლების გარეშე დაადგეს.

მას გაქცევა გადაწყვეტილი ჰქონდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიცოცხლე იყო საფრთხის ქვეშ, არამედ იმ იმედითაც, რომ უსაფრთხოების მიღწევის შემდეგ ის იემენის სამოქალაქო ომისგან საკუთარი ოთხი შვილის გადარჩენას მოახერხებდა.

ნურს 14 წლისას აიძულეს დაქორწინება, თუმცა მოგვიანებით მან მოახერხა, ქმარს გაშორებოდა, და ადამიანთა უფლებების დამცველი კამპანიის აქტივისტი გახდა. ნური დიდწილად გოგოებისთვის განათლების უფლების მოპოვებასა და იმის უფლებისთვის იბრძოდა, რომ ბავშვობისას გოგოები იძულებით არ დაექორწინებინათ.

მისი უფროსი გოგო იემენში ბავშვთა ქორწინების საფრთხის ქვეშაა და ნური ამბობს, რომ დრო იწურება და მისი გოგო და სამი ბიჭი სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილასაა გადმოსაყვანი.

იემენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია ქალისთვის და მსოფლიოს ეკონომიკის ფორუმის გენდერული უთანასწორობის ინდექსში ის ზედიზედ 13 წლის განმავლობაში ბოლო ადგილს იკავებს.

ახლა, როცა ნურიმ უკვე მიაღწია დიდ ბრიტანეთს, მას სურს, იემენში ბავშვთა ქორწინებისა და გოგოებისთვის უფლებების ნაკლებობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია დაიწყოს.

"ძალიან ბევრი გამოვიარე", — ამბობს ის, როცა თავის 8-თვიან მოგზაურობას აღწერს. მან იემენი მაშინ დატოვა, როდესაც იქ ყოფნა უკვე ძალიან სახიფათო გახდა კონფლიქტისა და იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა დამცველად მუშაობდა ყოველთვიურ ახალგაზრდულ ჟურნალში.

ნურის მოგზაურობა 2019 წლის 14 ნოემბერს დაიწყო თვითმფრინავით, შემდეგ მან ჯიპით ერთი უდაბნო გადალახა, შემდეგ კიდევ ერთი უდაბნო — ფეხით, სანამ არ მიაღწია ევროპას და საფრანგეთის ქალაქ კალედან პატარა ნავით 2020 წლის ივლისში დიდ ბრიტანეთში არ ჩავიდა. მან გაიარა ეგვიპტე, მავრიტანია, მალი, ალჟირი, მაროკო, ესპანეთი და საფრანგეთი.

ოჯახის წევრების იმედად თავისი ოთხი შვილის დატოვებისას მას გზისთვის ბევრი რამის წაღების საშუალება არ ჰქონია და მხოლოდ ორი რამ წაიღო — ფული და ბატარეის მჟავა.

"მთელი ჩემი ოქროულობა გავყიდე და რაც შეიძლებოდა მეტი ფული ვისესხე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, რათა იმ კონტრაბანდისტებისთვის გადამეხადა, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლაში მეხმარებოდნენ", — თქვა მან.

"ფულის წაღებასთან ერთად სახის კრემის ცარიელ ბოთლში ავტომობილის აკუმულატორის ბატარეის მჟავა ჩავასხი. გადავწყვიტე, რომ თუკი გზად ვინმე თავს დამესხმებოდა, მჟავას შევასხამდი და მოვიშორებდი".

საბედნიეროდ, მას ამის გაკეთება არ დასჭირვებია.

გზად რამდენიმე ისეთი შემთხვევა გამოიარა, როცა ეგონა, რომ დიდ ბრიტანეთში ჩასვლის ოცნებას ვეღარასდროს აისრულებდა.

"უდაბნოში მივდიოდით ღამით. ძალიან ბნელოდა. კონტრაბანდისტებმა გზა იცოდნენ, მაგრამ მე არ ვიცოდი. წავიქეცი, ხელ-ფეხი დავიზიანე და სხვებს ჩამოვრჩი. ღამით უდაბნოში ისე ცივა, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვკვდებოდი. ხეზე ავძვერი და რაღაც სასწაულით კონტრაბანდისტებმა სამი საათის შემდეგ მომაგნეს".

მისი თქმით, ალჟირიდან მაროკოში ჩასვლა განსაკუთრებით რთული იყო და ამისთვის 17 მცდელობა დასჭირდა.

"როგორც იქნა, ესპანეთში ჩავაღწიე, თუმცა არაერთი ცუდად მოპყრობის მსხვერპლი გავხდი, ამიტომ საფრანგეთში გადავედი. კალეში მარტო ვიყავი კარავში და ჩემი ფულის ბოლო ნარჩენები იქაურ კონტრაბანდისტებს გადავუხადე, რომ დიდ ბრიტანეთში ჩავეყვანე. ჯამში კონტრაბანდისტებს €17 000 მივეცი. მათ თქვეს, რომ ნავი 15 ადამიანისთვის იყო, თუმცა 21 ჩაატიეს და გზაში ნავმა წყლით გავსება დაიწყო. გვეგონა, ჩავიძირებოდით, თუმცა დიდი ბრიტანეთის სანაპიროს დაცვამ გადაგვარჩინა. გამიმართლა, რომ პირველივე მცდელობით გადავკვეთე, და გამიმართლა, რომ გადავრჩი".

ნური ამბობს, რომ მას 14 წლისას აიძულეს დაქორწინება. "მამაჩემმა დაქორწინება მაიძულა, ბიძაჩებმმა კი საბუთები გააყალბა, ვითომ 18-ის ვიყავი. ერთ წელში პირველი შვილი გავაჩინე — გოგონა, რომელიც ახლა თითქმის იმხელაა, რამხელაც მაშინ ვიყავი, როცა დაქორწინება მაიძულეს. იმედი მაქვს, რომ მის და ჩემი სხვა შვილების გადარჩენას და იემენიდან დახსნას შევძლებ, სანამ ჩემს გოგონასაც იმავეს გაუკეთებენ".

ნური ლონდონში სამინისტროს მახლობლად მდებარე სასტუმროში დააბინავეს და ის ახლა საკუთარი სარჩელის განხილვას ელოდება.

"ემოციურად განადგურებული ვარ იმ ყველაფრით, რაც დიდი ბრიტანეთისკენ მსვლელობისას გზაში შემემთხვა. ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. ერთადერთი, რაც ძალას მაძლევს, ისაა, რომ იემენში ადამიანის უფლებებისა და ქალებისა და გოგოებისთვის ცვლილებების საჭიროების შესახებ უნდა ვილაპარაკო. შესაძლოა, ამ საშინელ გზას სწორედ იმიტომ გადავურჩი, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა".