ტაივანის ძალოვანი უწყებების ცნობით, მათ 3 500 დოლარით დააჯარიმეს კაცი, რომელმაც კარანტინის წესები მხოლოდ 8 წამით დაარღვია.

კანონდამრღვევი ფილიპინელი ემიგრანტი აღმოჩნდა, რომელიც ქალაქ კაუშანგის სასტუმროში იყო იზოლირებული, თუმცა დერეფანში ხანმოკლე გასვლაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტს შესაბამისი ზომები მიეღო — სასტუმროს ადმინისტრაციამ იგი სამეთვალყურეო კამერით შენიშნა და მაშინვე აცნობა განყოფილებას, რომელმაც კაცი 100 000 ტაივანური დოლარით (დაახლოებით, 3 500 ამერიკულ დოლარი) დააჯარიმა.

ტაივანში მოქმედი კარანტინის წესების მიხედვით ადამიანებს საკუთარი ოთახის დატოვება, ხანგრძლივობისდა მიუხედავად, ეკრძალებათ. ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ადამიანებს არ უნდა ეგონოთ, რომ ოთახიდან გასვლისთვის არ დაჯარიმდებიან. მათივე თქმით, ამჟამად კაუშანგის საკარანტინო 56 სასტუმროში 3 000-მდე ოთახია გამოყოფილი.

ტაივანის მიერ ეპიდსიტუაციის მართვის უნარი არაერთხელ აღინიშნა სამაგალითოდ. განსხვავებით კონტინენტური ჩინეთისგან, აქ არც მკაცრი "ლოქდაუნი" და არც მნიშვნელოვანი შეზღუდვები არ დაწესებულა. ამის ნაცვლად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად მოქმედება არჩია — ტაივანის სახელმწიფო სამსახურები იმ დროიდან მოყოლებული აკვირდებოდნენ უხანიდან შემოსულ პირდაპირ ფრენებს, როცა ვირუსის ნამდვილობა ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული.

მთავრობამ ასევე დაიწყო მოქალაქეების მასობრივი ტესტირება ვირუსზე და მათი კონტაქტებისთვის თვალის მიდევნება. ამ ზომების შედეგად კუნძულზე, რომლის მოსახლეობა 23 მილიონია, მხოლოდ 716 დადასტურებული შემთხვევა და შვიდი გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული.