წინა თვეში გერმანელმა მყვინთავებმა, რომლებიც ძველი სათევზაო ბადეების საპოვნელად ბალტიის ზღვის ფსკერს იკვლევდნენ, ისტორიის მეტად იშვიათი არტეფაქტი იპოვეს: უცნაური მოწყობილობა ღილაკებითა და როტორით, რომელიც დაჟანგებული და წყალმცენარეებით დაფარული იყო.

"კოლეგამ ამოცურა და მითხრა: იქ ბადეა, რომელშიც ძველი საბეჭდი მანქანაა გახვეული", — თქვა მთავარმა მყვინთავმა ფლორიან ჰუბერმა.

საბეჭდი მანქანის მსგავსად, ეს მოწყობილობაც შეტყობინებების გასაგზავნად გამოიყენებოდა — ოღონდ ამ შემთხვევაში, ძალიან სახიფათო და ფარული შეტყობინებების. ჯგუფმა, რეალურად, ენიგმას იშვიათი დასაშიფრი აპარატი აღმოაჩინა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანია დაშიფრული საომარი ინფორმაციის გადასაცემად იყენებდა.

მყვინთავებმა აპარატი გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გელტინგის ყურეში, იპოვა, რომელიც ბალტიის ზღვის ნაწილია. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) დავალებით გუნდი სონარულ ტექნოლოგიას იყენებდა მიტოვებული სათევზაო ბადეების საპოვნელად, რომლებიც ოკეანეებს აბინძურებს და თევზებისთვის, ზღვის ფრინველებისა და წყალქვეშა ძუძუმწოვრებისთვის ძალიან სახიფათოა.

ფოტო: World Wildlife Fund

ჰუბერის თქმით, გუნდის სონარული აღჭურვილობა ზღვის ფსკერზე უცნაურ ობიექტებს ხშირად ამჩნევს.

"ბოლო 20 წელიწადში ბევრი საოცარი და უცნაური აღმოჩენა გამიკეთებია, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ლეგენდარულ ენიგმას აპარატს ვიპოვიდი", — განაცხადა მან.

როდესაც მომხმარებელი ენიგმას აპარატზე შეტყობინებას ადგენდა, მოწყობილობის როტორები თითოეული ხაზისთვის ახალ ასოებს ანაცვლებდა, რათა წერილი დაშიფრულიყო. ოპერატორებს, რომლებიც დაშიფრულ შეტყობინებას იღებდნენ, მის გასაშიფრად თავიანთი ენიგმა უნდა ჰქონოდათ, ასევე სცოდნოდათ გამომგზავნის როტორების ზუსტი საწყისი პოზიციები.

მყვინთავების მიერ ნაპოვნ აპარატს სამი როტორი ჰქონდა, ამიტომ, სავარაუდოდ, ის გერმანულ საომარ გემს ეკუთვნოდა. ისტორიკოს იან ვიტის თქმით, U-boat-ები — ძლიერი გერმანული წყალქვეშა ნავები, რომლებიც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს დიდ ძალას წარმოადგენდნენ — როგორც წესი, უფრო კომპლექსურ, ოთხროტორიან ენიგმებს ატარებდნენ.

1945 წელს, როცა გლობალური კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდა, გერმანიის საზღვაო ძალებმა გელტინგის ყურეში განზრახ ჩაძირეს თავიანთი წყალქვეშა ნავები, რათა ისინი მტრებს არ ჩავარდნოდათ ხელში. ვიტის თქმით, შესაძლოა, ვიღაცამ ეს აპარატი იმ დროს წყალში მოისროლა, რათა საომარი საიდუმლოები დაცული დარჩენილიყო.

ფოტო: World Wildlife Fund

მართალია, ენიგმას აპარატმა გერმანიას დროებით საშუალება მისცა, ფარულად გადაეცა ინფორმაცია ჯარის ადგილმდებარეობისა და გეგმების შესახებ, მაგრამ "მოკავშირეებმა" საბოლოოდ მათი კოდი მაინც გაშიფრეს.

პირველად კოდის გაშიფვრა 1930-იან წლებში პოლონელმა მათემატიკოსებმა სცადეს, მოგვიანებით კი მათმა მცდელობებმა შემდგომ კვლევებს გაუკვალა გზა და საბოლოოდ ბრიტანელმა მათემატიკოსმა ალან ტიურინგმა ენიგმას ძალიან ჩახლართული კოდი გაშიფრა. ამ მიღწევამ მოკავშირეებს დიდი გამარჯვება მოუტანა და, ზოგიერთი ისტორიკოსის გამოთვლით, ომი რამდენიმე წლით შეამოკლა.

ამჟამად ტიურინგი თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების მამადაა მიჩნეული, მისი მიღწევების უკვდავსაყოფად კი 2014 წელს გადაიღეს ფილმი იმიტაციის თამაში (The Imitation Game).

გერმანიამ 1930-იან და 1940-იან წლებში დაახლოებით 20 000 ენიგმა შექმნეს, თუმცა დღემდე მხოლოდ რამდენიმე მათგანი შემორჩა. 2017 წელს რუმინეთში მათემატიკოსმა კარგად შემონახული სამროტორიანი ენიგმა დაახლოებით $51 620-ად გაყიდა. ამის პარალელურად ოთხროტორიანი ენიგმები აუქციონებზე $400 000-ზე ძვირად გაიყიდა.

გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონის არქეოლოგიური ოფისის ხელმძღვანელმა ულფ იკეროდტმა თქვა, რომ აღმოჩენილი ენიგმას აპარატს გაწმენდენ, შემდეგ კი ადგილობრივ არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენენ. მისი თქმით, აღდგენის პროცესს "დაახლოებით ერთი წელი" დასჭირდება.