ციცქნა ჯუჯა პოსუმი — იგივე კუსკუსი — ავსტრალიის კუნძულ კენგურუზე პირველად იპოვეს მას შემდეგ, რაც წინა წლის ზაფხულში ხანძარმა მათი ჰაბიტატი გაანადგურა.

არსებობდა შიში, რომ ჯუჯა პოსუმი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა პოსუმია, სამხრეთ ავსტრალიის კუნძულიდან მთლიანად გაქრა.

2019-2020 წლების მასშტაბური ხანძრების შემდეგ კუნძულ კენგურუს ველური ბუნების დაცვის ჯგუფმა ამ ტერიტორიაზე პატარა ჯუჯა პოსუმი იპოვა. დეკემბერსა და იანვარში 440,5-ჰექტარიანი კუნძულის თითქმის ნახევარი დაიწვა.

ეკოლოგ პეტ ჰოჯენსის თქმით, ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს აღმოჩენა პირველი დოკუმენტირებული ჩანაწერია, რომ ეს სახეობა ხანძარს გადაურჩა. ხანძარმა ამ სახეობის გავრცელების პროგნოზირებული არეალის დაახლოებით 88% გადაწვა, ამიტომაც არ ვიყავით დარწმუნებულები, რა ზიანი მიაყენა მან სახეობას, თუმცა ძალიან აშკარა იყო, რომ პოპულაცია სერიოზულად დაზიანდებოდა", — თქვა მან.

პატარა ჯუჯა პოსუმი, რომელიც სულ რაღაც 10 გრამს იწონის, კუნძულ კენგურუს გარდა ტასმანიაში და ზოგჯერ ავსტრალიის სამხრეთში, ვიქტორიაში, გვხვდება.

ეს არსება შესასწავლად საკმაოდ რთული სახეობაა მისი ზომისა და გავრცელების შეზღუდული არეალის გათვალისწინებით. ჰოჯენსმა თქვა, რომ ამ სახეობის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია აქვთ.

ჰოჯენსი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ კუნძულ კენგურუზე პატარა ჯუჯა პოსუმი ახლა უკვე მოახერხებს გადარჩენას, მაგრამ სახეობის დარჩენილი პოპულაციის დასაცავად დიდი შრომა იქნება საჭირო. ახლა სახეობისთვის მთავარ საფრთხეს მათი მტაცებელი ველური კატები წარმოადგენენ.

ფოტო: Kangaroo Island Land for Wildlife

"ახლა ეს სახეობა ძალიან დიდ საფრთხეშია. ტყიდან ჯერ კიდევ არ გამოსულან, რადგან ძალიან მოწყვლადები არიან — სანამ ბუჩქნარი აღდგენა, ისინი ბუნებრივი და შემოყვანილი მტაცებლების მიმართ დაუცველები არიან", — განაცხადა ეკოლოგმა.

კუნძულ კენგურუს ველური ბუნების დაცვის გუნდმა კუნძულზე 20 სხვადასხვა ადგილი გამოიკვლია და იპოვა ყავისფერი ბანდიკუტები, ადგილობრივი ბუჩქის ვირთხები, კუზუები, მცირე ზომის კენგურუები, უფრო მრავალრიცხოვანი დასავლური ჯუჯა პოსუმები და ეს ერთი პატარა ჯუჯა პოსუმი.

წინა ზაფხულში კუნძულის თითქმის ნახევრის განადგურებისას ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა და თითქმის 90 სახლი გაანადგურა. ჰოჯენსის თქმით, შეიძლება წლები ან ათწლეულებიც კი გავიდეს, სანამ ადგილობრივი ფაუნა თავისი პოპულაციების აღდგენას მოახერხებს.

"ამან კუნძულზე მობინადრე ცხოველებისა და ჩვენი საზოგადოების ყველა ფენაზე იმოქმედა. ჯერ კიდევ, ერთი წლის შემდეგი, ძალიან ადრეა იმის ვარაუდი, თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია ხანძარმა სახეობებზე. ჯერ კიდევ ბევრი სახეობაა დარჩენილი, რომელზეც არ ვიცით, რა გავლენა ჰქონდა ხანძარს მათ პოპულაციებზე და არც ის ვიცით, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მოახერხებენ გადარჩენას. ვალდებულები ვართ, ყველაფერი ვქნათ ამ სახეობების დასაცავად და იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ მათ მომავალი თაობებიც ნახავენ", — დაამატა მან.