მას შემდეგ, რაც ერთგულმა მაყურებლებმა სერიალის ეიფორია პირველი სპეციალური საშობაო ეპიზოდი იხილეს, მაშინვე მოუთმენლად დაიწყეს დაპირებული მეორე სერიის ლოდინი და აი, უკვე ცნობილია, თუ როდის შევძლებთ მის ხილვას.

HBO-მ მეორე ეპიზოდის პრემიერის თარიღი დააანონსა: 2021 წლის 24 იანვარი. მისი სახელწოდება F*ck Anyone Who’s Not A Sea Blob (შევე*ი ყველას, ვინც ზღვის უცნაური არსება არ არის).

ამ სიახლესთან ერთად სერიალში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ჰანტერ შეფერმა ახალი პოსტერიც გამოაქვეყნდა, რითიც დადასტურდა ეჭვები, რომ მეორე ეპიზოდი სწორედ მისი გმირის, ჯულსის ისტორიას მოგვითხრობს.

ეიფორიის პირველი სპეციალური ეპიზოდის პრემიერა 3 დეკემბერს შედგა და ის მთლიანად ზენდეიას პერსონაჟზე, რუზე იყო კონცენტრირებული: როგორია მისი მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ჯულსს მატარებლის ბაქანზე დაშორდა. ამ ეპიზოდში საშობაო, განწყობის მიუხედავად, მისი მენტალური ჯანმრთელობისა და ნარკოდამოკიდებულების პრობლემების ახალი სიღრმეები დავინახეთ.

შესაბამისად, მეორე ეპიზოდი ჯულსის თავს განვითარებულ პარალელურ მოვლენებს გვაჩვენებს. აღსანიშნავია, რომ ამ სერიის სცენარის დაწერაში მსახიობმა ჰანტერ შეფერმაც მიიღო მონაწილეობა.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, თუ როდის გამოვა შოუს მეორე სეზონი, რომლის გადაღებებსაც პანდემიამ შეუშალა ხელი, თუმცა ნათელია, რომ სერიალის შემქნელები ერთგილ ფანებზე ზრუნავენ და მოლოდინის მოსაკლავად ორ სპეციალურ ეპიზოდს გვთავაზობენ.