იტალიელი კაცი ცოლთან კამათის შემდეგ გარეთ გავიდა სასეირნოდ, რომ ცოტა დამშვიდებულიყო, საბოლოოდ კი 450 კმ გაიარა.

იტალიელებმა მას სოციალურ ქსელში "ფორესტ გამპი" შეარქვეს 1994 წლის ცნობილი ფილმის მთავარი გმირის მიხედვით, რომლის როლსაც ტომ ჰენკსი ასრულებს და რომელიც აშშ-ს მასშტაბით ათასობით კილომეტრს გარბის.

პოლიციელმა იტალიელის ეპიკური სვლა ღამის 2 საათზე შეაჩერა ადრიატიკის ზღვის სანაპიროს პატარა იტალიურ ქალაქ ფანოში — ეს ერთი კვირის მერე მოხდა მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი კომო დატოვა.

ფოტო: Gfycat

48 წლის კაცი პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო €400-თი (დაახლოებით $485) დააჯარიმა.

ეს ამბავი პირველად ბოლონიურმა გაზეთმა Il Resto del Carlino-მ გამოაქვეყნა, თუმცა იტალიურ მედიაში ის მალევე გახდა ვირუსული.

სოციალურ ქსელში ზოგი აკომენტარებდა, რომ ეს კაცი გმირი იყო, ჯარიმა კი — დაუმსახურებელი. ერთმა თქვა, რომ ჯარიმის ნაცვლად მისთვის რამე ჯილდო და ფეხსაცმლის ახალი წყვილი უნდა გადაეცათ. სხვამ შეაქო იმის გამო, რომ ძალადობის ნაცვლად მან ბრაზისგან დასაცლელად გასეირნება გადაწყვიტა.

კაცმა პოლიციას განუცხადა: "მე აქ ფეხით მოვედი, არავითარი ტრანსპორტი არ გამომიყენებია. გზაში ბევრ ადამიანს შევხვდი, ვინც საკვები და წყალი შემომთავაზა. კარგად ვარ, თუმცა ცოტა დავიღალე". დღეში ის საშუალოდ 60 კმ-ს გადიოდა.

პოლიციამ ის შუაღამით სიცივეში სანაპიროს ტრასაზე უმიზნოდ მოსეირნე იპოვა.

ბაზაში მისი პირადობის შემოწმების შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მისმა ცოლმა ის დაკარგულად გამოაცხადა, ამიტომ მას დაუკავშირდნენ და ცოლიც მის წასაყვანად ფანოში ჩავიდა.

იტალიურ წყაროებში არ თქმულა, რა რეაქცია ჰქონდა ცოლს, როცა გაიგო, რომ მის ქმარს €400-იანი ჯარიმა დაუწერეს.

ფოტო: Giphy