პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტის და ატლანტიკური საბჭოს მიწვეული უფროსი სპეციალისტის, სტენლი სლოუნის თქმით, საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ტოპ პრიორიტეტებში არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

"მე ვფიქრობ, ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია არ გაიმეორებენ იგივე შეცდომას, რაც ჯორჯ ბუშ უმცროსმა და მისმა ადმინისტრაციამ ვადის ამოწურვის დროს დაუშვეს. მათ მაშინ ზეწოლა მოახდინეს ნატოს წევრ ქვეყნებზე და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როგორც საქართველო, ასევე უკრაინა გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები", — აღნიშნა მან.

მისი აზრით, ეს "სტრატეგიული შეცდომა" იყო, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია არ გაიმეორებს. სლოუნი აღნიშნავს იმასაც, რომ ამავე დროს, ბაიდენი ორივე ქვეყანასთან პოზიტიური თანამშრომლობის გაღრმავებას შეეცდება და მხარს დაუჭერს, როგორც ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე, დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

სლოუნის განცხადებით, "ნატოს კარი ღიაა", თუმცა ეს უახლოეს პერიოდში საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საშუალებას არ იძლევა.