საერთაშორისო გამოცემა Dance Europe-მა მაია მახათელი 2020 წლის საუკეთესო მოცეკვავედ დაასახელა და ჟურნალის გარეკანზეც დაბეჭდა. ამის შესახებ, ქართველმა პრიმა-ბალერინამ სოციალური ქსელიდან გვამცნო და გამოცემას მადლობა გადაუხადა.

"მადლიერი და აღტაცებული ვარ, მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის", — დაწერა მან.

როგორც გამოცემის Facebook გვერდზე ვკითხულობთ, მახათელი წლის მოცეკვავედ ჟურნალის მკითხველმა ხმის მიცემით აირჩია. Dance Europe საერთაშორისო ჟურნალია და ლონდონში გამოიცემა.

მაია მახათელი უკვე წლებია, რაც ნიდერლანდების ეროვნულ ბალეტში მოღვაწეობს. 2010 წლიდან, ის თეატრის პრიმა-ბალერინაა.