მაილი საირუსი უკვე დიდი ხანია წარმატებულად ახერხებს, საყოველთაო ყურადღების ქვეშ იყოს და გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა: მომღერალი ახალი იმიჯით მოგვევლინა, რამდენიმე ცნობილი ჰიტის ქავერი ჩაწერა და ახალი ალბომი Plastic Hearts გამოუშვა, რომელმაც როკის ჟანრის ელემენტებით ერთგული მსმენელების მოწონებაც დაიმსახურა.

კარიერულ სიახლეებთან ერთად ეს ამერიკელი შემსრულებელი ფანებს სოციალურ ქსელებში აქტიურობითაც ანებივრებს და ამის ნათელ და ერთობ კომიკურ მაგალითზეც სწორედ ახლა გიამბობთ.

ამერიკულმა მედიაკომპანია E! News-მა ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა მაილი საირუსის ფოტო შემდეგი წარწერით:

"თუ მაილი საირუსი ამ ფოტოზე დააკომენტარებს, ჩვენი ინსტაგრამის აღწერაში იმას ჩავწერთ, რაც მას სურს".

და მაილი როგორ მოიქცა?

ცხადია, დააკომენტარა და თანაც პირდაპირ E! News-ის აღწერისთვის გამზადებული "ტკბილი" ფრაზა:

"ბოდიშს ვიხდით ყველა იმ სისულელისთვის, რაც მაილი საირუსზე გვითქვამს".

ფოტო: Instagram

E! News ძირითადად ცნობილი სახეების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და ყვითელ მედიად ითვლება, შესაბამისად, ბევრის კეთილგანწყობით სულაც არ სარგებლობს.

მაგრამ სხვა რა გზა დარჩენოდათ, დაპირებული სიტყვა ბოლომდე შეასრულეს:

"დამანგრეველი ბურთივით მოხვედი (რეფერენსი მაილი საირუსის ცნობილ სიმღერაზე Wrecking Ball) და პატივს ვცემთ ამას", — ასე უპასუხეს საირუსის კომენტარს და ინსტაგრამის აღწერა მართლაც შეცვალეს.

ფოტო: Instagram

აღსანიშნავია, რომ E! News-ის შემთხვევა ერთადერთი არ არის, როცა მაილი საირუსი მსგავს ინტერაქციაში ჩაერთო: 28 წლის მომღერალმა მოულოდნელი კომენტარით TikTok-ის არაერთი მომხმარებელი გაახარა.

მაგალითად, ამ მომხმარებელმა დაწერა, რომ თუ საირუსი ვიდეოზე დაუკომენტარებდა, ტატუდ იმას დაიხატავდა, რასაც ეტყოდა, მაილიმ კი არა მხოლოდ კომენტარი დაუწერა, არამედ ირიბად პაემანზეც კი დაპატიჟა:

"ჩვენი პირველი პაემნის დროსა და ადგილზე რას იტყოდი?"

ეს წყვილი კი იმავე პირობის ასრულების შემთხვევაში (საირუსის კომენტარი) დაქორწინდებოდა, რასაც მაილი ასე გამოეხმაურა:

"ვიმედოვნებ, ქორწინება თქვენთვის იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ეს ჩემთვის გამოდგა".

მოკლედ, ვინ იცის, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ თქვენგანსაც შეიძლება გამოეხმაუროს ეს ცნობილი მსახიობი და მომღერალი სხვადასხვა ფორმით და რომ რამე, ჩვენც აუცილებლად გაგვაგებინეთ.

ფოტო: Giphy